რამდენიმე წუთის წინ ქიბარ ხალვაშისა და დვალი-აქიმიძის შეხვედრა დასრულდა. რუსთავი 2-ის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კარგი პიროვნებები არიან და შეხვედრები გაგრძელდება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მედიამენეჯერად რუსთავი 2-ის კორესპონდენტის – დავით ნიკურაძის ჩამოყვანა, ხალვაშმა უპასუხა, რომ შეთავაზებებს გენერალური დირექტორი აკეთებს.
“მედიამენეჯერზე ვმუშაობთ, რომ ისეთი იყოს, თქვენ რომ მოგეწონოთ”, – მიმართა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტს ნათია ტრაპაიძეს.
ჟურნალისტები ხალვაშს ეკითხებოდნენ, რატომ არღვევს ის თავის დაპირებას და რატომ არ ასრულებს თავის სიტყვას, რაც 2017 წელს საჯაროდ განაცხადა. ჟურნალისტები გულისხმობდნენ, ხალვაშის პირობას, რომ 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დირექტორად კი დავით დვალს დანიშნავდა. კითხვაზე: რა შეიცვალა 2 წელიწადში, ხალვაშმა უპასუხა: “ის , რომ 2 წლით უფროსი გავხდი”.
“დღეს იმიტომ მოვედი, რომ თქვენ ხვალ ხელფასები მიიღოთ, მანქანებმა იმუშაოს და რეპორტაჟები გააკეთოთ, სამართლიანი, კრიტიკული”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.