„ბატონი კობახიძის მოწოდებით შექმნილი ფასების კომისია აღმოჩნდა მორიგი ბიუროკრატიული ფარსი“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დაჯი კოვზირიძემ პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ვიდრე „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, ფასების შემცირება ვერ მოხდება, იმიტომ, რომ სისტემა არის კორუმპირებული“:
„დღეს მინდა ვისაუბრო ფასების კომისიაზე, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ბაზარზე ფასები დაიკლებდა, მოქალაქეები პირველი მაისიდან ელოდნენ ფასების კლებას, მაგრამ რეალურად რა მივიღეთ?
ბატონი კობახიძის მოწოდებით შექმნილი ფასების კომისია აღმოჩნდა მორიგი ბიუროკრატიული ფარსი. მან კიდევ ერთხელ მოატყუა და დასცინა საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ღარიბ ამომრჩეველს. ეს კომისია თავიდანვე იყო იმიტაცია, თითქოს რაღაც კეთდება, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. თქვენი ხარვეზიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაიაფების ნაცვლად, პროდუქტების ფასები საშუალოდ 10%-15% -ით გაიზარდა, ელექტროენერგია 30%-ით გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასები გაზრდილია.
დღეს მოსახლეობისთვის აშკარაა, რომ ეს არ ყოფილა ეკონომიკური რეფორმა – ეს იყო პოლიტიკური გადალაგება, ერთი ადმინისტრაციიდან მეორე ადმინისტრაციაზე. ჩვენ ვნახეთ გავლენების გადატანა, ძალაუფლების გადანაწილება. ხელისუფლება დალაგდა ბიზნესთან. მოსახლეობა უფრო ძვირად ყიდულობს პროდუქტებს და მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბია. კომისიამ ხალხისთვის არ იმუშავა -კომისიამ იმუშავა „ოცნებისთვის“, შიგნით ბიზნესების და ხალხის ფულის გადასანაწილებლად.
გაიაფების ნაცვლად ყველაფერი გააძვირეთ: ელექტროენერგია, პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავი, პარკინგი. გაზარდეთ ჯარიმები. მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ.
მოსახლეობამ ნათლად დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა და „გადამგდები“ პრემიერი, რომელიც საკუთარ ხალხს დასცინის. ღარიბი ქვეყნის უუნარო პრემიერი, რომელიც გადაადგილდება მილიონიანი მანქანით, რომელსაც ბიოგრაფიაში არ მოეპოვება ერთი დაპირება – რომელიც შეასრულა, ერთი საქმე რომელიც გამოუვიდა და უფრო მეტიც, რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი გააფუჭა და სხვის მიღწეულსაც და გაკეთებულსაც ანადგურებს“,- განაცხადა კოვზირიძემ.
კოვზირიძის შეფასებით, ბიუჯეტი არ ხმარდება ხალხს, თუმცა მილიონობით ლარი იხარჯება არაპრიორიტეტულ და არაეფექტურ პროექტებზე.
„კობახიძის ლიდერობით „ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე სუსტი გუნდი, იმ „ოცნებას“, რომელსაც ოდესღაც მეც ვუჭერდი მხარს. სიმართლე მარტივია: სანამ,,ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ფასების შემცირება ვერ მოხდება იმიტომ, რომ სისტემა არის კორუმპირებული. გადაწყვეტილებები არ მიიღება ხალხის ინტერესებით, გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტული ჯგუფების სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ ღარიბდება ხალხი და მდიდრდებით თქვენ, „ოცნების“ წარმომადგენლები.
ჩვენ ვხედავთ, როგორ იხარჯება სახელმწიფო რესურსები ქვეყანაში. ოფიციალურად გვყავს 750 000 სოციალურად დაუცველი. რეალურად კი სოციალურად დაუცველი მილიონზე მეტია, მაგრამ სტატუსსაც ვერ იღებენ. 370 – ლარიანი პენსია პენსიონერებს არ ყოფნით მედიკამენტებზეც კი. დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ჩინოვნიკები პასუხობენ, რომ მათი დაავადება საბოლოოდ არ იკურნება, მათი სიცოცხლის გახანგრძლივება კი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამაზე ბიუჯეტის ფული დახარჯოს.
ბიუჯეტი არ ხმარდება ხალხს, მაგრამ მილიონობით ლარი იხარჯება არაპრიორიტეტულ და არაეფექტურ პროექტებზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, „ოცნების“ ჩინოვნიკების კომფორტსა და ფუფუნებაზე.
ჩვენს ქვეყანაში ბაღის ბავშვებს ჰპარავს საჭმლის ფულს, მაშინ როცა ათასობით ბავშვი ყოველდღიურად მშიერია და ყოველი მეხუთე ბავშვი სოციალურად დაუცველია- 250 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ჰყავს მშიერი ბავშვები. უპოვართა სასადილოებს ჰპარავთ ფულს, ისედაც ლარ-ნახევარი რომ გაქვთ გათვალისწინებული თითო მოქალაქეზე და ამ ლარ ნახევრის წილშიც უზიხართ ხალხს.
ეს არ არის მხოლოდ არაკომპეტენტურობა – ეს არის მორალური კრიზისი და ღირებულებების სრული დეგრადაცია. პენსიის გასაზრდელი ფული რას მოვაკლოთო, ხშირად გვეკითხებით და მე გეუბნებით, რომ 157 ენერგოკომპანიას, რომელსაც ჩამოაწერეთ ერთი მილიარდი ლარი, შეიძლებოდა ამ პენსიების გაზრდას მოხმარებოდა.
მძიმე ფინანსური წნეხი, ჯარიმები, ბანკის ვალები ხალხისთვის და მილიონებზე შეუზღუდავი წვდომა ელიტისთვის. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პრემიერსაც 7 მილიონი დოლარი და ოქროს ზოდები აღმოუჩინეს სახლში, რომლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მილიონები კორუფციულად მიითვისა, თქვენ გყავდათ თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ჯარი და ეს ადამიანები თქვენ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმიტომ დაიჭირეთ, როდესაც „ოცნების“ შავ სალაროში იმაზე ნაკლები მოიტანეს, ვიდრე წაიღეს სახლში.
დღეს საქართველო იქცა ღარიბების ქვეყნად, რომელსაც მილიარდერები მართავენ. ამ ფონზე, ფასების კომისიის თქვენი დაწერილი დასკვნა მართლაც რომ ლოგიკურია. ამ დასკვნით თქვენ ზრუნავთ არა ფასების შემცირებაზე, არამედ იცავთ სიძვირეს რათა ფასების გაძვირებიდან მიღებული შემოსავალი უფრო კარგად გადაინაწილოთ.
თქვენ უარყავით ჩვენი ინიციატივა მინიმალურ ხელფასზე 1050 ლარის ოდენობით. ვინაიდან თქვენ ფასები ვერ შეამცირეთ, თქვენი პასუხისმგებლობა კიდევ მეტად იზრდება და განმეორებით მოგიწოდებთ: გაზარდეთ პენსიები 200 ლარით. ეს არის აუცილებლობა და სახელმწიფოს ვალდებულება. პენსიონერი აღარ უნდა იყოს ღატაკი;
დააწესეთ მინიმალური ხელფასის ზღვარი 1050 ლარის ოდენობით. ჩვენმა მოქალაქეებმა აღარ უნდა იმუშაონ მთელი თვე 600-700 ლარად;
გაატარეთ რეალური და ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა და კარგად მოძებნეთ კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს ოქროს ზოდები სახელში და ბოლოს შეწყვიტეთ ღარიბი ხალხის ძარცვა!“- განაცხადა კოვზირიძემ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
