LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა ცნობილია – რას გეგმავს ხელისუფლება

197
ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა ცნობილია (1)

„არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა – დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის“, – ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება და „ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა”.

„არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე მოთამაშეებს შორის, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები გამხდარიყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის. ეს არის საშუალო ვადიანი პერიოდი. სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი. სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ესაა. თუმცა იმპლემენტაციის პერიოდიც იქნება, ეს რომ სისტემურად გასწორდეს. ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა. იმიტომ, რომ სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და ამის შედეგად მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთან არის დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არაა. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს 6-9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა, რაც ამ ჯაჭვის სიგრძით არის გამოწვეული.

როგორც კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დასკვნის წარდგენისას აღნიშნა, მიწოდების ჯაჭვის დავიწროება გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა გაიწეროს, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად, 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში.

„რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურული პრობლემის გასწორებაზე და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძიდან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში ქმნის დამატებით ხარჯებს, ამიტომ აუცილებელია, მიწოდების ჯაჭვის შემცირება. ეს ნიშნავს ურთიერთობების მაქსიმალურ დაახლოებას მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და ასევე, მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას. ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა ეს პროცესი ერთდღიანი არ არის და ეს პროცესი გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და რეგიონში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოჯისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია აღნიშნულ ლოჯისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია ქსელებში, საცალო მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. ეს არის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“- განაცხადა ბერეკაშვილმა.

ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

კომისია ამ კონტექსტში ორი ალტერნატიული მოდელის შესაძლო განხორციელებაზე საუბრობს – ეს არის დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და არსებული ინსტიტუციის – მაგალითად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ფარგლებში შესაბამისი ფუნქციის გაფართოება.

„ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბაზრის მსხვილი მოთამაშეების იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია, მათ შორის იმ სუბიექტების გამოყოფა, რომლებიც გადამეტებულ საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. აღნიშნული შეიძლება ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა წლიური ბრუნვა ან საცალო ქსელების მასშტაბი. ეს საშუალებას მისცემს მარეგულირებელს გამოიყენოს მიზნობრივი ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და არა ერთიანი, ზოგადი მიდგომა მთელი სექტორის მიმართ”, – ნათქვამია დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g