LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგულები: ადგილიდან ვერ ვიძვროდით, ტალღებს ვეჭიდებოდით, რომელიც ნავიანად თავზე გვივლიდა – ორი მეგობრის დაუჯერებელი ისტორია

1275
FORTUNA.GE (3)

ამ ისტორიას დასავლეთ საქართველოში ბევრი მოგიყვებათ. ეს ორი მეგობრის რეალური ისტორიაა. ამბავი 2002 წელს, ქობულეთში მოხდა. სათევზაოდ წასული ორი მეგობარი გაუჩინარდა. ამბავი არ გახმაურებულა, თუმცა ომარ კაკალაძე, რომელიც ამ ისტორიის გმირია, „ფორტუნასთან“ 2002 წლის 2 დეკემბერს იხსენებს.

 

არც ისე მარტივია ამ დღის გახსენება, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო დღე იყო. მაშინ 29 წლის ვიყავი. თითქოს ჩვეულებრივი ზამთრის დღე იყო. კარგი, ოდნავ ნალექიანი ამინდი. მე და ჩემმა მეგობარმა, ჯიმი ვერულიძემ ჩვეულებისამებრ სათევზაოდ წასვლა გადავწყვიტეთ. ერთი კარგი ძრავიანი ნავი გვყავდა. მივედით გემზე, ავიღეთ ხამსა და შევცურეთ ზღვაში. სანაპიროდან საკმაო მანძილით ვიყავით დაშორებული, როცა ძლიერი შტორმი დაიწყო. მივხვდით, რომ საქმე კარგად არ გვქონდა. უკან გამოსვლას ვეღარ მოვახერხებდით და იძულებული ვიყავით ძლიერ ტალღებს შევჭიდებოდით.

რამდენ ხანს გაგრძელდა შტორმი და როგორ მოახერხეთ ტალღებთან გამკლავება?

ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა შტორმი დაიწყო, დაახლოებით 7-ბალიანი ტალღები იქნებოდა. პატარა ნავით ვერაფერს ვახერხებდით, ადგილიდან ვერ ვიძვროდით, ერთსა და იმავე ადგილას ვეჭიდებოდით ტალღებს, რომელიც ნავიანად თავზე გვივლიდა. ტალღების სიძლიერემ ნავს ძრავი მოგლიჯა და გადარჩენისთვის მხოლოდ ღმერთის იმედად ვიყავით დარჩენილები. ეს მთელი ორი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორ მოახერხეთ გადარჩენა?

ჩვენი გადარჩენა სასწაული იყო, ღმერთმა გადაგვარჩინა. ორდღიანი შტორმის მერე, როგორც იქნა, ამინდი გამოვიდა და ნავს დავუბრუნდით, თუმცა ძრავი აღარ ქონდა. ამიტომ დავიჭირეთ ნიჩბები და მთელი ძალით მივცურავდით ნაპირისკენ, მნიშვნელობა აღარ ქონდა სად გამოვიდოდით, მთავარი იყო, რომ ხმელეთზე ფეხი დაგვედგა. ტალღებს იმდენად შორს ვყავდით გატაცებული, რომ ორიენტირი დაკარგული გვქონდა. ამ დროის განმავლობაში მშივრები, მწყურვალები და დაღლილები ვიყავით, თუმცა ბრძოლა გადარჩენისთვის გრძელდებოდა. ნავის ნიჩბებისგან ხელები აღარ გვივარგოდა. წარმოიდგინეთ ზამთრის სუსხიანი ამინდი, სისველე და კიდევ რამდენიმე დღე, ნიჩბებს ხელს არ უშვებ. დაუზოგავად ნიჩბებით ჭრი ტალღებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზმმა ტემპერატურა შეინარჩუნოს და რომ რაც შეიძლება მალე გახვიდე ნაპირისკენ და გადარჩე. როგორც იქნა, ნაპირს მივუახლოვდით და აღმოვჩნდით თურქეთის საზღვრის, ხოფას ტერიტორიაზე. იქ ვიანობის დადგენის შემდეგ დაგვაკავეს.

ამ დროს ოჯახის წევრები, ახლობლები სად იყვნენ?

ოჯახის წევრებს მთელი ეს პერიოდი დაღუპულები ვეგონეთ, ფიქრობდნენ, რომ ზღვა გამორიყავდა ჩვენს გვამებს. უკვე ძებნაზე ვყავდით გადაყვანილი. ყველა ყველგან გვეძებდა: საზღვაო ტანკერები, მაშველები, ვერტმფრენები. 7 დეკემბერს კი ინფორმაცია ჩვენი ადგილმდებარეობისა და გადარჩენის შესახებ თურქეთმა საქართველოს გადასცა. თურქეთში საზღვრის უკანონო კვეთის გამო გაგვასამართლეს და 1-თვიანი დეპორტი მოგვცეს.

როგორი იყო შინ დაბრუნება?

ეს მეორედ დაბადებას ჰგავდა. ამდენი ბრძოლის შემდეგ, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ბრუნდები. ჩვენ ღმერთმა გადაგვარჩინა. ჩვენი დაბრუნება თითქმის მთელმა ქალაქმა აღნიშნა.

ამხელა ტრამვის შემდეგ, როგორ მოახერხეთ ცხოვრებასთან ადაპტირება?

ამ ამბავმა ჯანმრთელობაზეც იმოქმედა, გარკვეული პერიოდი მომიწია მკურნალობა, მკურნალობის ეტაპებს თბილისში გავდიოდი. ამ ამბის შემდეგ 18 წელი გავიდა და დღეს ორივე ჩვენგანი საკუთარ ოჯახებში ჯანმრთელები და ბედნიერები ვაგრძელებთ ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები