LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკარგულები“ – ბოლოს როდის გამოჩნდნენ და სად არიან ერთ დროს „ვარსკვლავი პოლიტიკოსები“

2293
fortuna.ge (5)

პოლიტიკა უცნაური რამაა, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკა. ქართველებმა უცბად ვიცით ადამიანების შეყვარება, მაგრამ თუ გული აგვიცრუვდა, მერე უკვე ძნელია, გულის მობრუნება.

ამის ნათელი დადასტურება ისიცაა, რომ ყველა პრეზიდენტი (მეხუთეს გამოკლებით) ხმათა უმრავლესობით ავირჩიეთ. ერთი მათგანი გავაგდეთ, ერთს რევოლუცია მოვუწყეთ, ერთიც საშინლად იმედგაცრუებულებმა გადავირჩიეთ, ერთიც უმადურობაში დაადანაშაულეს.

მოკლედ, ერთი დრო არავის შერჩებაო რომ არ ეთქვათ ჩვენს წინაპრებს, ქართველი პოლიტიკოსების გამო მაინც იტყოდნენ.

„ფორტუნა“ შეეცადა, იმ პოლიტიკოსის ბედი მოეძიებინა, ვინც ერთ დროს  საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა. 

ერთ დროს ირაკლი ალასანია ყველაზე წარმატებულ მინისტრად მიიჩნეოდა. „ქართული ოცნების“ გამორჩეული სახე თავდაცვის მინისტრობიდან 2014 წლის 4 ნოემბერს გადააყენეს. მის გათავისუფლებას ხელი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

 

 

2016 წელს კი ალასანია პოლიტიკიდანაც წავიდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ  პოლიტიკიდან დროებით მიდიოდა. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვლავ დაბრუნდებოდა და ძლიერ გუნდს შექმნიდა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ორპოლუსიანობას დაასრულებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ალასანია პოლიტიკიდა როგორც ჩანს, სამუდამოდ წავიდა. ამბობენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამჯერად ამერიკაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ალასანიას გაუნაწყენდა და დიდი ალბათობით, სანამ  „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ალასანიას მეორედ მოსვლას ვერ ვიხილავთ.

 

კიდევ ერთი “წონიანი” პოლიტიკოსი, რომელიც რადარებიდან გამქრალია, ერთ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა

 

ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, უცნობმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ 2008 წელს გაჩეჩილაძეები გაურიგდნენ სააკაშვილს.

ალბათ ყველას გახსოვთ, 2008 წლის 23 იანვარი, სააკაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბა.

უცნობი „პალიტრანიუსთან“ იხსენებს, რა მოხდა ამ შეკრებამდე სააკაშვილთან შეხვედრაზე.

 

 

„ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რომ ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა – რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო.

მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი (დასრულდებაო). უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხომ იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო.

კარგი, მომეცი-მეთქი (სიხშირე), სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა… ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე”,  –  განაცხადა 13 წლიანი დუმილის შემდეგ გია გაჩეჩილაძემ.

ამ აღიარებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და არსად გამოჩენილა თავად ლევან გაჩეჩილაძე.

 

2012 წელს საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და პოლიტიკიდან წავიდა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე

 

ექიმმა, მეწარმემ და ლიდერმა დავით გამყრელიძემ პირობა შეასრულა და პოლიტიკაში აღარ დაბრუნებულა.

 

 

“მე ერთგული ვარ ჩემი სიტყვის, როგორც ყოველთვის.  მე ვთქვი, რომ თუ პარტია ვერ გადალახავდა ბარიერს და პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, პარტიის თავმჯდომარედ ვერ დავრჩებოდი.  ამიტომ ვტოვებ “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის პოსტს. ეს არის ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა. მე ამიერიდან ჟურნალისტებს კომენტარებს აღარ მივცემ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. ჩემი აზრით,  ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

2012 წლის შემდეგ ჩვენ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა აღარ გვინახავს. პირობა შესრულებულია.

 

დღეს უკვე აღარ ჩანს სატელევიზიო  გადაცემებში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია

 

ბოლოს მისმა სახელმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაიჟღერა. “ქართული დასის” დამფუძნებელი პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის ფარგლებში დაიბარეს.

 

 

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი დეპუტატობის დროს, მან პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დააყენა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯონდი ბაღათურიას თქმით, არწმუნებდნენ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ თემაზე საუბრის შემდეგ ბაღათურია ჟურნალისტებთან კვლავ აღარ გამოჩენილა და დაუბრუნდა „პოლიტიკური დუმილის“ რეჟიმს.

 

 ერთ დროს „რკინის კაცი“

 

შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრები კახა თარგამაძეზე ამბობდნენ, რომ შეიძლებოდა სააკაშვილის მთავრობაშიც გვენახა, მაგრამ ასე არ მოხდა.

 

 

„რკინის კაცად“ შერაცხული ყოფილი მინისტრის ბოლო კომენტარი 2020 წლის 20 ივნისის შემდეგ გავრცელდა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას იცავდა და ამბობდა, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო.

„ახლა რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, მერე იცით, რას იტყვიან? ცოტა ჩაიჩოჩეთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ ახლა მაგ სკამზეო. ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. აბა ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახეთ, რას იზამენ. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა“. – ამბობდა კახა თარგამაძე.

ამ განცხადების შემდეგ ყოფილმა „რკინის კაცმა“ კვლავ ჩრდილში დარჩენა არჩია.

 

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე 

 

2006 წელს სასამართლომ მამალაძეს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის, დაუსწრებლად წაუყენა და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასზე ძებნა ინტერპოლის ცირკულარით გამოცხადდა.

 

 

2020 წლის 19 მაისს მას საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

„17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა. როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩემ მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე…

უმორჩილესად გთხოვთ შემიწყალოთ! მომეცით  საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს“! – წერდა მამალაძე.

სალომე ზურაბიშვილს მამალაძე არ შეუწყალებია, შესაბამისად, ის კვლავ საზღვარგარეთ რჩება უკეთესი მომავლის იმედად.

 

ძნელია, იმის თქმა, დაბრუნდება თუ არა რომელიმე მათგანი კვლავ პოლიტიკაში. ფაქტია, მათი ერთ დროს ხალხმა დაიჯერა…

magti 5g