LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკარგული ფიროსმანი“- უიღბლო მხატვარი „ისპანკამ“ იმსხვერპლა

449
241788807

კორონავირუსთან ბრძოლის დროს ბევრი იხსენებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ პანდემიას,„ისპანკას“, რომელიც მსოფლიოში ერთი საუკუნის წინ მძვინვარებდა და 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ზუსტად ამ პერიოდში საქართველოში დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.

„ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა“, – ასე ახასიათებს საქართველოში 1918-19 წლებში მიმდინარე მოვლენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

გადმოცემის მიხედვით „ისპანკას“ მსხვერპლი საქართველში დიდი არ იყო, თუმცა აღრიცხვაც არ ყოფილა ზუსტი.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ „ისპანკამ“ იმსხვერპლა ქართველი ყველაზე უიღბლო მხატვარი ფიროსმანი. სავარაუდოდ მას დაავადება რუსი სამხედროებისგან გადაედო. 

რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა ...

თვითნასწავლი მხატვარი, მთელი ცხოვრება სიღარიბეში ცხოვრობდა. ამბობენ, რომ არ გაუმართლა სიყვარულში, სადილის საფასურად უწევდა დუქნებში ხატვა. გარდაცვალებიდან თითქმის ერთი საუკუნის მერე მისი ნახატები მილიონებად იყიდება, მაგრამ მისი უიღბლობა ყველაფერს თან სდევს, რასაც მის სახელს არქმევენ.

თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე ძალიან ძველი და დანგრევის პირას მყოფი სახლებია. მხატვრის მუზეუმიც მილიონად შეფასებული ნახატების ავტორის შესაფერისად ვერ გამოიყურება.

ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა სამუზეუმო ...

ფიროსმანი იყო გამოსახული ქაღალდის ლარიანზე, რომელიც ძალიან მალე ამოიღეს ხმარებიდან, რადგან გაიცვითა. ეროვნულმა ბანკმა ქაღალდის ლარიანები ხმარებაში აღარ დააბრუნა.

სამწუხაროა, მაგრამ არ ვიცით, სად არის მხატვარი დასაფლავებული.

სხვადასხვა ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, ნიკალა მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და კუკიის სასაფლაოზეა დასაფლავებული. მეორე ვერსიის თანახმადაც მხატვარი არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და შესაბამისად, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს. მეორე ვერსია ვასო ჩაჩანიძის მოგონებებს ეყრდნობა.

 

მხატვრის თანამედროვე ვასო ჩაჩანიძე იხსენებდა, რომ 1918 წელს, როდესაც თბილისში „ისპანკის“ ეპიდემია მძვინვარებდა, ერთ დღეს ის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო. ამ დროს საავადმყოფოში მიცვალებულები მოასვენეს. ერთ-ერთი თითქოს ნიკალა ყოფილა, საღებავებით დასვრილი ტანსაცმლით.

არქივში ინახება პეტრე-პავლეს ეკლესიის მღვდლის, ალექსი სამადალაშვილის მიერ შედგენილი გარდაცვლილთა სია, სადაც წერია: „უცნობი ნიკოლოზი, 1919 წელი“.

ამ ჩანაწერის საფუძველზე დაასკვნეს, რომ იგულისხმება ფიროსმანი და რომ ის პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა დაკრძალული. ამ ვარაუდის საფუძველზე, საფლავის გათხრაც კი დააპირეს. თუმცა ეს არ მოხდა.

ერთი საუკუნის შემდეგ ალბათ უკვე შეუძლებელია, უიღბლო მხატვრის საფლავის მოძიება და მისთვის პატივის მიგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g