ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.
ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ლაურა ღაჭავა საგამოძიებო უწყებაში უკვე მივიდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაურა ღაჭავა იმ შენობის მფლობელია, სადაც ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის “მთავარი არხის” პავილიონები და ოფისები უნდა განთავსებულიყო.
თავად ლაურა ღაჭავამ ამ თემაზე კომენტარი საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გააკეთა. მისი თქმით, ის ყიდდა ობიექტებს და ერთ-ერთთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრა ნიკა გვარამიასთანაც. თუმცა, მისი თქმით, ის და გვარამია ვერ შეთანხმდნენ თანხაზე.