LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაშაულის ჩადენა ძირითადად ხდება სანაცნობოში, ფრთხილები არიან, ამბობენ, რომ „ბავშვი ყველაფერს იგონებს“ – როგორ ამოვიცნოთ პოტენციური მოძალადე

341
5665

ისინი ძირითად შემთხვევაში არ არიან შეურაცხადები, არიან ფრთხილები და ამბობენ, რომ ბავშვს ყველაფერი მოეჩვენა.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბავშვზე შესაძლოა იძალადოს მეზობლებმა, ნათლიამ და როგორც დღეს აღმოჩნდა, სექსუალურად მოძალადე შესაძლოა ბაბუაც იყოს.

დანაშაულის ციფრები საგანგაშოა, მაგრამ დიდი ალბათობით რეალობას არ ასახავს.

თემაზე „ფორტუნა“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტს გოგა ხატიაშვილს ესაუბრა.

ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულების დროულად გამოვლენა დიდი პრობლემაა.

სიტუაცია კი განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც სექსუალურად მოძალადეები ბავშვის ოჯახის წევრები არიან.

 

 

„დანაშაულის ჩამდენი პირები არიან ბავშვის ნაცნობები და მეტიც, ბავშვის ოჯახის წევრები, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დანაშაულების გამოვლენას.

ძალიან ხშირად, როდესაც ცნობილი ხდება ფაქტი, ასევე ცნობილი ხდება, რომ ეს არ არის ერთჯერადად განხორციელებული აქტი და შეგვიძლია, ამის არაერთი მაგალითი მოვიყვანოთ. მათ შორის რამდენიმე თვის წინ დასავლეთ საქართველოში მომხდარი ამბავი.

სამეგრელოში 15 წლის მოზარდი მამიდაშვილმა გააუპატიურა

დროულად გამოვლენის პრობლემა ძირითადად იმიტომ იქმნება, რომ ბავშვებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.ბავშვები ძალიან ხშირად ვერ აიდენტიფიცირებენ, რასთან აქვთ საქმე, რადგან არ აქვთ სათანადო სქესობრივი განათლება.ამ შემთხვევაში ნომერ პირველი გამოსავალი სკოლებში სექსუალური განათლებაა, რისი არასწორი აღქმა ხდება ხოლმე.

იგულისხმება, რომ ბავშვი ინფორმირებული უნდა იყოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს“, – ამბობს ხატიაშვილი „ფორტუნასთან“.

ციხე თუ ფსიქიატრიული დაწესებულება – რას გვიჩვენებს პრაქტიკა?

„პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები, არ არიან შეურაცხადები, ეს არ დგინდება ხოლმე. მსგავსი ქმედების გაკეთების სურვილი არ ნიშნავს, რომ შეურაცხადია და ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ადამიანი სასჯელს არ იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ ის შეურაცხადია. ცალკე საკითხია, რა განაპირობებს ამ ქმედებას, მაგრამ ამდაგვარ საქმეებში მათ საკმაოდ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ქმედება და შერაცხადები არიან“, – ამბობს ექსპერტი.

სტატისტიკურად საქართველოს რომელ რეგიონში ფიქსირდება ყველაზე ხშირად არასრულწლოვანზე ძალადობა?

„გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა შიდა ქართლში, თბილისში, კახეთსა და იმერეთში გვხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა, მაინც რჩება შემთხვევები, რომელიც ამ სტატისტიკის მიღმა რჩება და არ ვლინდება.

ასევე, პრობლემაა, რომ როდესაც ბავშვი მასზე ძალადობაზე საუბრობს, არ უჯერებენ. არის მოსაზრება, რომ ბავშვი რაღაცას იგონებს. ეს პრობლემა წლების წინ განსაკუთრებით მწვავედ იდგა. დროთა განმავლობაში, მშობლემა გააცნობიერეს, რომ მათი შვილი შეიძლება, მართალს ამბობდეს“. – აცხადებს ხატიაშვილი.

რამდენი წელი იქნება ციხეში ძალადობის ჩამდენი ადამიანი?

„არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის სასჯელი ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. კანონდებლობაში 2020 წლის გაზაფხულზე (აპრილის დასაწყისში), შევიდა ცვლილება და არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის  გაჩნდა ახალი სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.

ეს არის ერთადერთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც სასჯელად გათვალისწინებული აქვს უვადო პატიმრობა.

მოსამართლის არჩევანზეა დამოკიდებული, რა სასჯელს დააკისრებს დამნაშავეს.

დღეს გამოვლენილი შემთხვევა 53 წლის კაცია, მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთა თეორიულად შეიძლება გამოყენებული იყოს. თუ ამ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი იქნება 70 წლის მოხუცი, მის მიმართ უვადო პატიმრობა გამოყენებული ვერ იქნება.

უვადო პატიმრება ასევე ვერ იქნება გამოყენებული, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს გაუპატიურება“, – ამბობს ექსპერტი.

რას ამბობენ ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები, როგორც აღნიშნეთ, ისინი უმეტეს შემთხვევაში არ არიან შეურაცხადები, რამ უბიძგა დანაშაულის ჩადენა?

„მე რა შემთხვევებიც მქონია პრაქტიკაში (ის ვერ იქნება საერთო სურათის მატარებელი) უმეტესად უარყოფენ ხოლმე ფაქტს და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ბავშვს მოეჩვენა.

ამ დანაშაულებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ:

  • დანაშაულის ჩადენა ძირითადად ხდება სანაცნობოში. 
  • ბავშვისთვის საკმაოდ კარგი ადამიანია. 
  • ისინი საკმაოდ ფრთხილები არიან. 
  • მათ საკმაოდ კარგად შეუძლიათ შენიღბვა. 
  • ძალიან ფრთხილად მოქმედებენ და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მათ საქციელზე ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს. 

კიდევ ერთი – ისინი აშინებენ ბავშვს. ახდენენ მასზე ზემოქმედებას. ეუბნებიან, რომ თუ დასახმარებლად ვინმეს მიმართავს – მოკლავს, მშობლებს დაუხოცავს. ამით ბავშვის მანიპულირება საკმაოდ მარტივია ხოლმე. ბავშვს კი ჰგონია, რომ დამნაშავე ამ დაპირებას შეასრულებს“, – ამბობს „ფორტუნასთან“  გოგა ხატიაშვილი.

ცნობისთვის, კოალიცია თანასწორობისთვის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რომელთაგან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო.

 

magti 5g