“კონკრეტული დაპირება მიღებულია, ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია”- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა და შესაძლოა, 300 000 ადამიანმა სამსახური დაკარგოს.
„ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შორის შეთანხმებას არ ექვემდებარება, ეს არის დღგ-ის საკითხი, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც გავაგრძელებთ ჩვენს შეთავაზებებს. რადგან ეს ამ სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია ბანკებთან ურთიერთობა და იმ სამუშაო ადგილების გადარჩენა, რაც დღესდღეობით მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაში დიდ წილს შეადგენს. ეს იყო ძირითადი აქცენტები რესტორატორთა ასოციაციის მხრიდან და კიდევ ერთხელ მადლობა ამ შეხვედრისთვის“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თავდაპირველად ბათუმში, შემდეგ კი თბილისსა და იმერეთში შეიზღუდა. მოგვიანებით მთავრობამ განმარტა, რომ შეზღუდვა მცხეთასაც შეხებოდა.
„ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – გამყრელიძე