“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა უკვე 84 საჩივარზე მეტი წარადგინეს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში.
როგორც ნინო რიჟამაძემ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განმარტა, დარღვევები საკმაოდ შეინიშნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უბნის გარეთ მობილიზებული პირები ამომრჩეველთა სიებით, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას აწარმოებენ.
„გარკვეულწილად ეს ამომრჩეველთა ნების კონტროლად უნდა ჩაითვალოს, ასევე აქვს ადგილი დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. გარდა ამისა, ტენდენციის სახით ფიქსირდება სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზი, რომლებიც საუბნო – საარჩევნო კომისიებს აქვთ საქმიანობაში. ამ დარღვევების შესახებ ჩვენ დღის განმავლობაში, პერიოდულად ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“, – ამბობს ნინო რიჟამაძე.
მისივე ინფორმაციით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აკვირდება საარჩევნო გარემოს და პროცესი ამ დროისთვის საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.