„ფაქტია, რომ დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აპირებს, არ დაუშვებს და არ შეეგუება ჩვენს რეგიონში ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა.
გადაცემაში „დღის თემა“ ხორგუანმა „ქართული ოცნების“ სააპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებს.
„ჩვენ არ ვართ მარტო. ქართველი ხალხის გაცხადებული ნება და სურვილი იყოს ევროპული, ცივილიზებული, ქრისტიანული, დასავლური სისტემის ნაწილი არის დანახული და ჩვენს დატოვებას მარტო არ აპირებენ.“
რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილთან საუბარში ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა, სოფო ხორგუანი ამბობს, რომ ქართველ ხალხს აქვს კონკრეტული მოთხოვნები.
„ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და საუბარი უნდა შედგეს მხოლოდ ახალ არჩევნებზე და ეს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ეს არის ის საკითხი, რაზედაც შეიძლება ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც არ არის რომელიმე ერთი პარტიის მოთხოვნა. ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნა. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული, გასაგები მოთხოვნა გვაქვს ქართველ ხალხს. დიახ, ხალხის გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ” – განაცხადა სოფო ხორგუანმა პირდაპირ ეთერში.