LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება ქართულად: სად და როგორ – ქართველი დამსვენებლის და ქართული ტურიზმის მთავარი გამოწვევები

140
0030

ზაფხულის დადგომასთან ერთად ახლოვდება ნანატრი შვებულება და ყველა ცდილობს დაგეგმოს და მოემზადოს სამოგზაუროდ. თუმცა თუ დიდი თანხები არ გაქვს, ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის: მთა თუ ზღვა? საქართველოში თუ საზღვარგარეთ? საკურორტო სეზონზე რა არჩევანზეც არ უნდა შეჩერდეთ, გვარიანი მობილიზება დაგჭირდებათ.

საქართველოში უკვე საკმარისად არის კომფორტული დასასვენებელი ადგილები თუ მაღალი დონის სასტუმროები (ან თუნდაც საშუალო კლასის), მაგრამ უბრალოდ ძვირია, მით უმეტეს თუ საშუალო სტატისტიკურ შემესავალს ავიღებთ. ყველაზე კარგ ვარიანტში ერთი კვირით მოახერხოს ადამიანმა სადმე გასვლა. მარტო სასტუმრო ხომ არ არის: ადგილზე მომატებულია კვების ობიექტებსა თუ სავაჭრო წერტილებში ფასები, ძვირია ნებისმიერი სახის გართობა და ატრაქცია. და არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე ხარ თუ მთაში. ელემენტარულად ერთი კილოგრამი ხილის ფასიც კი იმდენად იზრდება, რომ ლამის ცალობით გიწევს ყიდვა.

საზღვარგარეთ? არის ქალაქები, სადაც არც თუ ძვირია დასვენება, საკვები და ა.შ. მაგრამ ამ პერიოდში ბილეთის ფასი ძვირდება და ჯამურად მაინც იგივე ჯდება, რაც საქართველოში. თან აქ ხომ გასათვალისწინებელია ვალუტის კურსიც, ერთი ევროსთვის სამჯერ მეტი ლარია საჭირო. რაც ბუნებრივია ლარებში აღებული ჯამაგირის ხარჯებს საგრძნობლად ზრდის.

თუმცა არის მედლის მეორე მხარე. ამ ფასებს ხომ ბაზარი არეგულირებს. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ტევა არ არის. გადაჭედილია სანაპირო ზოლები, უამრავი ხალხია სამთო კურორტებზე, რა თქმა უნდა, კაფე-ბარებშიც დადის ხალხი და კატერითაც სეირნობს.

მოკლედ დაახლოებით ასეთი ვითარებაა: მიდიხარ მცირე ხნით (საშუალოდ ერთი კვირა) და ხარჯავ მთელი თვის ხელფასს, პლუს დანაზოგს და… ან იღებ და ან ვერა საჭირო კომფორტს.


ქართულ ტურიზმში ორსახოვანი ვითარებაა

თემურ დიასამიძე
ექსპერტი

პოლიტიკური დაძაბულობის გამო ევროპელი მომხმარებელი დავკარგეთ, აღმოსავლეთ ევროპაც, მაგრამ სიტუაცია გამოუვალი არ არის. გაიზარდა ისრაელიდან შემოსულთა რაოდენობა, ასევე ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და ინდოეთი აქტიური ხდება. რაოდენობრივად ცუდი სურათი არ გვაქვს, მაგრამ ნაკლებად არიან გადახდისუნარიანები. შემცირდა ინდივიდუალური ტურების რაოდენობაც, უფრო დიდი ჯგუფები წამოვიდა. ადგილობრივი ბიზნესისთვის არც თუ მოგებიანია.
მოკლედ, ორსახოვანი ვითარებაა.

ქართველი ტურისტები უფრო გადიან თუ აქ რჩებიან?

ტენდეციაა, რომ უცხოეთში მიდიან და უფრო ახლომდებარე სხვა კურორტებით სარგებლობენ. თუ ადრე 10 დღით დადიოდნენ, ახლა 2-3 დღით თუ ახერხებენ დასვენებას. ეს ტრადიციის ნაწილი გახდა. ხშირად სარგებლობენ ბინით და არა სასტუმროთი. ისევ და ისევ ფასებიდან გამომდინარე. აქაური ფასები ევროპული ქალაქების ფასებს არ ჩამოუვარდება კი არა, შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც.

ფასი და მიღებული სერვისი კიდევ ერთი აქტუალურია საკითხია…

არა მარტო მომსახურების, ინფრასტრუქტურულიც. ელემენტარულად საფირფარეშოები რომ ავიღოთ, როგორ შეიძლება სადგურზე ან იქ, სადაც დიდი საზოგადოებრივი დატვირთვაა, არ იყოს გამართული საპირფარეშო. გარემო კარგ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს, ადამიანს ბევრჯერ ჩამოსვლა რომ მოუნდეს. ჩვენთან განმეორებითი ტურისტების რაოდენობა მაღალი არ არის. აქ კაცს ბევრჯერ დაბრუნება არ მოუნდება.

რას უშვება ქართველი ტურისტებისგან ნაშოვნ ფულს, სახლში მიაქვს თუ გაუმჯობესებაში აბრუნებს?

ნაწილი ასე აკეთებს, უფრო ადგილობრივი მაცხოვრებელი. თუმცა ბევრია ისეთი, ვინც სეზონურად მუშაობს, ასე ვთქვათ მტაცებელები. სხვა ქალაქებიდან ჩამოსულები, კონკრეტულ თვეს მუშაობენ და მერე გადიან. ის ტერიტორია კი სხვა პერიოდში მკვდარია. მოცემულობა ცნობილია, ხალხი არ არის და იმიტომ არ ვამუშავებ. უპატივცემულო ბიზნესი უცებ იშოვის ფულს და განვითარება არ აინტერესებს.

განვითრების გეგმა გაგიგიათ? დიზაინი, ლანდშაფტი, არაფერი არ არის, ყველაფერი ქაოტურად ხდება, ბათუმს ხიბლი ეკარგება. სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს და ხედვა უნდა იყოს გრძელვადიანი.
ამის გამო არ დებენ ევროპელები აქ ფულს. ინვესტიციებს იქ აკეთებენ, სადაც ხედავენ გეგმას, სად იქნება კურორტი 10-20 წელიწადში.

რაშია ქართული ტურიზმის მთავარი პრობლემა?

გეგმა არ არსებობს. სექტორში დასაქმებული ადამიანები პასუხისმგებლობას არ იღებენ. სახელმწიფო არ ასრულებს თავის ფუნქციას, ბიზნესი ქაოტურად ვითარდება.
გენერალური გეგმაა საჭირო და კანონის დაცვა. ზღვასთან 5 მეტრში შენობის ჩადგა არ შეიძლება. ნებისმიერი ურბანისტი გეტყვით, რომ ამხელა შენობები და აქედან გამომდინარე კანალიზაცია, პარკინგი და ა.შ. უბრალოდ არ შეიძლება. კორუფცია და უცოდინარება – აი რაშია პრობლემა.

ხალხს სიმართლე უნდა უთხრა

არის კიდევ ერთი საკითხი: რამდენად უსაფრთხოა ზღვა, უფრო სწორედ წყლის ხარისხი.

აჩიკო გუჩმანიძე:
ბიოლოგიის დოქტორი, ზღვის ბიოლოგი

– აქცენტი უნდა გაკეთდეს სეზონზე და წყლის ხარისხზე, პარამეტრებზე, რომელთა შემცველობა წყალში არის მნიშვნელოვანი ეკოსისტემისთვის, ჯანმრთელობისთვის. მიკროპარამეტრები დიდ გავლენას ახდენენ გარემოზე.

სისტემა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, შესაბამისად მონიტორინგიც უნდა იყოს ადეკვატური. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ცნობიერების, ინფორმაციის დისონანსი და აქედან გამომდინარე პრობლემებიც.

უნდა ვთქვათ ზღვა არის სუფთა თუ ბინძური, ზღვას მივცეთ განმარტება სისუფთავის მხრივ. გამართული მონიტორინგი უნდა გაგვაჩნდეს.
გამოწვევებიდან უპირველესად კლიმატის ცვლლებაა. ზღვისპირეთში გარკვეული ცვლილებები და მოვლენები უკვე გვაქვს. ბოლო წლებში იმხელა ინტოქსიკაცაა, რაც მანამდე არ დაფიქსირებულა.

მეორე მხრივ გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო წყლები. ბათუმი იზრდება, მაგრამ არ არის ბოლომდე კანალიზირებული, ერთი მესამედიც კი არ არის, არადა სულ რომ 100 პროცენტით მუშაობდეს, მაინც არ ექნება ეფექტი.

გამწმენდი ნაგებობა რომ ავიღოთ, წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება. ვერცერთ კვლევას და ნაშრომს ვერ ნახავთ, სადაც შეფასებულია მისი ეფექტურობა.
შავი ზღვის დასახლებები გამწმენდი ნაგებობების გარეშეა და ნარჩენები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ზღვაში.

ცალკეა სამრეწველო წყლები. მათაც უნდა გააჩნდეთ ლოკალური გამწმენდები. არანაირი ეფექტურობის კვლევა არ წარმოებს. არ გვაქვს მონაცემები, არადა მიმდებარე ტერიტორიებზე ბევრი მსხვილი საწარმო და სხვადასხვა ობიექტებია.

საბანაო წყლები კიდევ ცალკე საკითხია და მისი მონიტორინგი და სისტემაც არ გაგვაჩნია. არცერთი უწყება საბანაო წყლებს არ ამონიტორინგებს. მდინარეები, ტბები. წყალსაცავები – მონიტორინგი თითქმის არ ხდება.
საბანაოს თავისი მიდგომები და პარამეტრები აქვს და ის სხვებისგან განსხვავდება.

სადაც წარმოებს მონიტორინგი, არასწორად წარმოებს. სინჯები აიღო და მონაცემები დაწერა, ეს არ არის მონიტორინგი. საჭიროა საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა, რათა ნდობა იყოს მაღალი.
დასავლეთში როგორაა? საზოგადოება არის ჩართული, მონაწილოებენ სინჯების აღების პროცესში, ტრანსპორტირებაში, დამუშავებაში. ყველაფერი თვალსაჩინოა, გასაგები და არა ისე, ჩვენთან ზღაპრებს რომ ჰყვებიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, გავიაროთ სანაპიროზე, სინჯიც აღარ გახდება საჭირო. ბათუმში სამი ტბაა და ნახეთ რა მდგომარეობაშია? სანიაღვრე წყლები რა მდგომარეობაშია? ამ ფონზე იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, ეს არის ტყუილი.

თუმცა არც იმას ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდად არის. გვაქვს უბნები, სადაც ვითარება მისაღებია. უნდა ვაღიაროთ პრობლემები და ის ადგილები, სადაც კარგი ვითარებაა. მაგრამ ყველგან არის კარგი, ამის თქმა არ შეიძლება.
სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, პრობლემური მონაკვეთებზე თავი შევიკავოთ და სადაც კარგი უბნებია ცნობილი გახდეს. შევისწავლოთ პრობლემური უბნები და მივიყვანოთ საჭირო დონემდე.

რა გააკეთოს დამსვენებელმა? ყველაზე სწორია მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ უთხრას რა მდგომარეობაა, დამალვის გარეშე, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. დამსვენებელს უფლება აქვს ჰქონდეს ინფორმაცია.

ევროპაშიც კი არ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ესპანეთი იტალია, ისინიც კი აწითლებენ ზონებს და არ უმალავენ ტურისტებს. ლურჯი ალამი იქნება სტიმული ბიზნესისთვისაც. საზოგადოება, ბიზნესი, სახელმწიფო იმუშავებს იმაზე, რომ მეტი პლაჟი გახდეს ლურჯი.

მოკლედ, სამართლიანები უნდა ვიყოთ ხალხის მიმართ, აქ იბანავე, აქ თავი შეიკავე – ყველა ასე მუშაობს.

რას ფიქრობენ დამსვენებლები

დავითი, 43 წლის

„საქართველოში დასვენება არც თუ მარტივი საკითხია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ კომფორტი გინდა, სიმშვიდე, კარგი ბუნება, კარგი სასტუმრო, კვება და ა.შ. მაშინ ერთი დღეც კი ისეთი ფასია, მთელი კვირა ფაქტობრივად შეუძლებელია გაწვდე. შაბათ-კვირას წახვიდე და მთელი თვის ხელფასი ორ დღეში დახარჯო, გენანება.
ცოტა შეღავათიანად თუ მიდიხარ, მაგალითად ბინას ქირაობ, კვებითაც ხან სად და ხან სად იკვებები, გამოდის, რომ უბრალოდ ადგილს იცვლი და დიდად დასვენებაც არ გამოდის. თან თუ ხალხმრავალ ზონებში ხარ ხომ საერთოდ.

ბოლო პერიოდში პირადად ასე ვაკეთებ: შესაძლოა მაინც და მაინც ზაფხულში არ წავიდე, მაგრამ ან ცოტა მანამდე ან ცოტა მერე მირჩევნია საზღვარგარეთ ვიმოგზაურო. მართალია იქაც ნაკლები კომფორტით, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაა, ათვალიერებ, ეცნობი ახალ კულტურას და განტვირთვა გამოდის, თან საინტერესოა. თუ საუკეთესო რესტორნებს არ ჩავთვლით, ევროპის ბევრ ქვეყანაში კვება ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში“.

სალომე, 32 წლის

„გამომდინარე იქიდან, რომ ხან პირადი მიზნებით და ხანაც პროფესიული მოვალეობისთვის ქვეყნის მასშტაბით ხშირად მიწევს მოგზაურობა, კარგად ვიცნობ საქართველოში არსებულ ტურისტულ ადგილებსა და შესაბამისად, სერვისებსაც, რომელსაც კურორტებზე გვთავაზობენ.

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არაჩვეულებრივი, უნიკალური ლანდშაფტის, საოცარი მთა-გორებით, მდინარეებით, ზღვით, კლდეებითა და შესაშური ბუნებით დახუნძლული ქვეყანაა საქართველო. ხშირად ლაშქრობაში დავდივარ და ეს კიდევ უფრო მეტად მაძლევს შესაძლებლობას, კარგად გავეცნო ჩვენს შესაძლებლობებსა და პოტენციალს ტურიზმის მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმისა და სერვისების მრავალფეროვნების მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პროგრესი, რაც თავის მხრივ, კულტურული ადგილების განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეების განთავსებას გულისხმობს, თუმცა პროგრესს ვერ დავარქმევდი ფასებისა და მომსახურების ნაწილში არსებულ მდგომარეობას, რაც წლებია კვლავ პრობლემად რჩება.

სერვისი, პირველ რიგში მომხმარებელზე და მის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული, რაც ასევე, თავისთავად ნიშნავს, რომ ყველანაირი ტიპისა და ბიუჯეტის მქონე ადამიანს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, არჩევანი გააკეთოს და საკუთარ ქვეყანაში მისთვის სასურველი მომსახურება მიიღოს, ეს კი ასე არ არის.

მაგალითისთვის, შემიძლია დავასახელო სასტუმროები, თუნდაც „გესთ ჰაუსები“, სადაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანიც კი ვერ გასწვდება იმ ფასებს, რასაც გვთავაზობენ. კარგად მესმის, რომ ფასების რეგულირება ბევრ რამეზე და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული, თუმცაღა, მეტი მკაფიოობისთვის გეტყვით, რომ მაგალითად ფინჯანი ყავა სასიამოვნო ხედიან ტერასაზე, ნებისმიერ სასტუმროში 15 ლარი არ უნდა ღირდეს, აღარაფერს ვამბობ ნომერში განთავსებაზე, რაც ხშირად ფასს საერთოდ არ პასუხებს.

კოლოსალურად მაღალი ფასები კი საშუალებას არ იძლევა, წელიწადში რამდენჯერმე განტვირთვა, ყველამ თანაბრად შეძლოს, ამიტომ, არჩევანს ყოველთვის საოჯახო სასტუმროებზე ან სულაც ლაშქრობაზე ვაკეთებ. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხშირად ვმოგზაურობ საზღვრებს გარეთაც, მეტწილად მიყვარს პროვინციების ნახვა, სადაც მთებია, ამიტომ შემიძლია შედარებაც გავაკეთო – სერვისი ევროპაში ნამდვილად უმაღლეს ნიშნულზეა, ფასის არჩევანი კი მომხმარებელზე ორიენტირებული. ვისურვებდი, რომ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში, უკეთესი მომსახურება იყოს და არანორმალურად გაზრდილი ფასები ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.“


რეკორდული შემოსავლები, რეკორდული ტურისტები: როგორ აღწევს წარმატებას ტურიზმის დეპარტამენტი

“ფორტუნა” არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ესაუბრა.

მაია ომიაძე:

ზოგადი შეფასება, რა ვითარებაა ქართულ ტურისტულ სექტორში?

ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული ტურიზმის სფეროში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას. ამასთანავე სექტორის მდგრადი განვითარება ერთ-ერთ მთავარ ამოცანად არის დასახული მთავრობის ეკონომიკური განვითარების გეგმაში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოთხოვნადი და ამავდროულად კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის და შეთავაზების მდგრად განვითარებაზე. დიდი ყურადღება ეთმობა ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ტურისტული დანიშნულების ადგილებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ, რაც მოიცავს გზების, მაგისტრალების, საბაგიროებისა და სხვა შესაბამისი პლატფორმების განვითარებას.

ამავდროულად, მიმდინარეობს მიზნობრივ ბაზრებზე თანმიმდევრული და კომპლექსული მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ზოგად პოპულარიზაციაზე, არამედ კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მათ ინტერესზე მორგებული, კონკურენტუნარიანი და ავთენტური ტურისტული პროდუქტის შეთავაზებაზე.

აღსანიშნავია საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ინვესტიციების განხორციელების სიმარტივე, რაც ქვეყნის მიერ განხორციელებული შესაბამის რეგულაციებთან დაკავშირებუილი რეფორმების, ძირითადი ადმინისტრაციული პროცედურების გაციფრულების და გაზრდილი გამჭვირვალობის შედეგია, რამაც განაპირობა უფრო პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული პროექტის განსახორციელებლად საჭირო დრო და პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მისაწვდომობის გამარტივებას და მეტი საერთაშორისო ვიზიტორის მოზიდვას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობა, არსებული აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდა და ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. აღნიშნული ინიციატივები საქართველოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რაც ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციების განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობებს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შესაბამისად, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველომ 6.7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ინვესტორთა ნდობის ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს სხვადასხვა, მათ შორის, ტურიზმის სექტორში. ამავე პერიოდში ქვეყანამ დააფიქსირა მშპ-ის საშუალო წლიური დაახლოებით 10%-იანი ზრდა, რაც რეგიონში ერთ-ერთ უმაღლეს მაჩვენებლად ითვლება.

წარმოდგენილი კომპლექსური ინიციატივების ეფექტიანობა ნათლად აისახება იმ მიღწევებში, რასაც ქვეყანამ მიაღწია საერთაშორისო ვიზიტორები მოზიდვის და დარგიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით:
2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2023 წლის შედეგებთან შედარებით 4.2%-იან ზრდაა. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან რეკორდული 4.4$ მლრდ შემოსავალი მიიღო.

რამდენად აისახება (აისახება თუ არა) საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკური დამოკიდებულება ტურისტულ სექტორზე?

ზრდის ტენდენციით ხასიათდება 2025 წლის I კვარტალიც, აღნიშნული პერიოდის მონაცემებით საქართველოში 1.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-იანი ზრდას წარმოადგენს.
ამასთანავე, 2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2.3%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და რეკორდული 825,975,424 აშშ. დოლარი შეადგინა, 2019 წლის I კვარტალის მაჩვენებელს კი 42.8%-ით გადააჭარბა. 2025 წლის I კვარტალის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს 55 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს 85 დანიშნულების ადგილის მიმართულებით ახორციელებენ. აღსანიშნავია რომ პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტების რეისების რაოდენობა გაზრდილია 14.6%-ით, რაც ნიშნავს დამატებით 899 საერთაშორისო რეისს.

საავიაციო ბაზარს ასევე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაემატა, მათ შორის British Airways, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი საავიაციო კომპანია და დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet.

არსებული საგულისხმო ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად, იგეგმება აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოების გაგრძელება არსებულ და ახალ მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, ასევე ახალი ავიახაზების მოზიდვა და პირდაპირი ფრენების მატება. ამასთანავე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და ახალი მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემდგომ სტაბილურ ზრდას და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ბუნებრივია, ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის დარგი საქართველოში სწრაფად ვითარდება და იზრდება როგორც სერვისების რაოდენობა, ისე ხარისხის მიმართ მოთხოვნა. თუმცა, მომსახურების ხარისხი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან რიგი კომპლექსური აქტივობები ხორციელდება, რომელთა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მისი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

მაგალითისთვის: კადრების პროფესიული განვითარების მიზნით, მოკლევადიანი სასწავლო კურსების განხორციელება ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის; ტურისტული შეთავაზებების სტანდარტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა (მაგალითად პროექტი მზის კარი, ღვინის გზა…); ახალი ტურიზმის კანონი, რომლის თანახმად იგეგმება გიდების ნებაყოფლობითი სერთიფიცირება, საფრთხის შემცველი პროფესიების რეგულირება, ტუროპერატორებისთვის ფინანსური გარანტიის ვალდებულება, რაც მნიშვნელოვნად დაიცავს მომხმარებლის უფლებებს.

პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემების განვითარებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს სწორად გამოვავლინოთ გამოწვევები და დროული რეაგირება მოვახდინოთ.

magti 5g