LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა თავაძე: „ამოიღეთ ხმა, მართლა სირცხვილია უკვე…“

448
datotavadzenewsss

სამეფო უბნის თეატრის დირექტორი,  ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ ხელისუფლება დაფინანსების გარეშე დატოვებულ ახალგაზრდულ დასებს ამ სფეროდან განდევნის და მათ სხვა საქმით დაკავებისკენ უბიძგებს.

გთავაზობთ მის კრიტიკულ პოსტს:

„წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს, ყველა ჩემი ძვირფასი მეგობარია და ერთი წამით არ მინდა ვინმემ წაიკითხოს ჩემი მხრიდან ეს პოსტი, როგორც რომელიმე შემოქმედებითი პროექტის წინააღმდეგ გამოხატული პოზიცია, მხოლოდ კარგი მინდა ყველა დასისთვის და მათ ეს იციან! გულწრფელად ვგულშემატკივრობ კონკურში გამარჯვებულ ყველა სპექტაკლს და დარწმუნებული ვარ, ერთი მეორეზე უკეთესი იქნება.

უბრალოდ, მინდა ყურადღება გავამახვილოთ კულტურის მართვის პოლიტიკის არარსებობის კიდევ ერთ დასტურზე…

სპეციალურად მოვძებნე ჩემი ძველი პოსტი – 2020 წლის 3 მარტს დამიწერია პირველად ფრილანსერების შესახებ. შეზღუდვების გამოცხადების მესამე დღიდან დავიწყე პირადად და საჯაროდ, ღია და დახურულ დისკუსიებში ინტენსიური ლაპარაკი დამოუკიდებელ / თვითდასაქმებულ ხელოვანებსა თუ დამოუკიდებელ სახელოვნებო ორგანიზაციებზე. ვილაპარაკე ზედმეტად ბევრიც კი! დავთმე ჩემი პირადი პრინციპული პოზიციებიც და ვიჯექი იმ ხალხის პირისპირ, ვისთანაც მეგონა, არასოდეს მომიწევდა ლაპარაკი, მაგრამ ამ ვითარებაში გადავაბიჯე საკუთარ თავს, იმიტომ რომ იმედი მქონდა, რამე შეიცვლებოდა, ვინმე ამყვებოდა, მოისმენდა და გაიგებდა და პრიორიტეტად სწორედ იმ სახელოვნებო ჯგუფებს დაისახავდა, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა ფინანსურად ამ ვითარებამ. იმედი მქონდა, რამეს იზამდნენ, რომ საბოლოოდ არ დაგვეკარგა დამოუკიდებელი პროცესი. მაგრამ ჯერ “სათამაშო ბიზნესთან” გაათანაბრეს ეს სფერო, შემდეგ მილიონები მოაჭრეს. ხმა არ ამოგვიღია არაფერზე!

ჰოდა, ახლა მივიღეთ ასეთი შედეგი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების მიერ წარმოდგენილი პროექტები. ასევე, სამინისტროს კომუნიკაცია აქვს მხოლოდ სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებთან და არასოდეს არ საუბრობს დამოუკიდებელ დასებთან, რითიც აღმაშფოთებელ ინფორმაციულ უთანასწორობას ქმნის ისედაც უთანასწორო რესურსების მქონე ორგანიზაციებში. არც ერთი ბრიფინგი არ არსებულა ამ თემაზე სამინისტროს მხრიდან, არამედ ჭორის დონეზე იგებენ დამოუკიდებელი ხელოვანები, როდის ექნებათ მუშაობის უფლება. დღესაც არავინ იცის დაზუსტებით აქვთ თუ არა სპექტაკლების თამაშის, თუ “შემოქმედებითი საქმიანობის” უფლება. არავითარი ოფიციალური, საჯარო შეტყობინება, ან პირადი კომუნიკაცია არ არსებობს, რომელიც აუხსნით, რა უნდა ქნან – მიატოვონ ეს სფერო და სასწრაფოდ სხვა საარსებო წყარო მონახონ [თორე, ისე უცებ არ აშენებულიყვნენ!], თუ რამე იმედის მსგავსი ჰქონდეთ, რომ ოდესმე შეძლებენ თავიანთი ჩაშლილი გეგმების გახორციელებას. ახლა კი თურმე ხელშეწყობის ერთადერთი შანსიც წაერთვათ…

ვიმეორებ მეათასედ, ეს პოლიტიკა განდევნის ახალგაზრდულ ნაწილს ამ სფეროდან. წლებია ვამბობთ ამას და არაფერი არ იცვლება და ხვალ უბრალოდ აღარ გვექნება აღარაფერი…

ამოიღეთ ხმა, მართლა სირცხვილია უკვე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g