“რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფი, რომელიც უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში იმყოფება, დაბომბვას გადაურჩა.
დავით კაკულია და ვაჩე გოგოლაშვილი დაბომბილი კორპუსის გადასაღებად იმყოფებოდნენ, როდესაც მორიგი თავდასხმა დაიწყო.
“გაგვიმართლა, დაახლოებით 100 მეტრში ჩამოვარდა მორიგი ჭურვი, რომელიც მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, რამდენიმე წუთი გვქონდა გადასაღებად…
მანამდე, კორპუსებთან კიდევ 2 რაკეტა ჩამოვარდა, იყვნენ დაღუპულები, ამ სიტუაციის გადასაღებად მივედით იქ, თუმცა იქ ჰყოფნის პერიოდში რუსულმა არმიამ კიდევ გაისროლა რამდენიმე რაკეტა და ჩვენ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადავრჩით,” – ამბობს დავით კაკულია.
მისივე თქმით, გადამღებ ჯგუფს ტერიტორია მალევე დაატოვებინეს, მათ სარდაფში გადაინაცვლეს.
“ჭურვი მოხვდა სახლს, ფანჯრები ჩაიმსხვრა გვერდით კორპუსებშიც. ჩვენი სახლი კი დაზიანდა. გადავრჩი, სადარბაზოდან წამოვედით სარდაფში, როცა დაბომბვა დაიწყო. მე არ ვიცი, პუტინი, საერთოდ, როგორ შეიძლება ასეთი იყოს, ადამიანი არ არის, გენოციდს ახორციელებს უკრაინაში,”- აცხადებს ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.