საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში უსუფაშვილი წერს, რომ გადასაწყვეტია კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი.
“დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს…
ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ახლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ – არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ.
მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს… მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.
ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ… თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ”, – წერს დავით უსუფაშვილი.
აღნიშნული წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში წაიკითხა. მან აღნიშნა, რომ ბრალი დასდეს ტყუილში, უსაქმურობაში და ამის მოთმენას აღარ აპირებს.