პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება. “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი მისი ახალი გუნდისა და ხედვების შესახებ ინფორმაციას ერთ კვირაში გაასაჯაროვებს.
ვინ იქნებიან მისი პოლიტიკური გუნდის ახალი წევრები ჯერჯერობით, უცნობია. როგორც თავად უსუფაშვილმა განაცხადა, აქცენტი არა პერსონებზე, არამედ საქმეზე უნდა იყოს გადატანილი.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი არ იყოს გადატანილი “ვინ”-ზე და აქვე არ ჩაიკეტოს ეს თემა ცნობილი პერსონალიზაციით: ვის რა ფერის თმა აქვს, რა სიმაღლისაა… და ა.შ. ასეთ დროს საქმე რჩება უკან. საქმე არის საშური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარებთ ნელა”, – ამის შესახებ უსუფაშვილმა “მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ახალ წევრებთან ერთად, უსუფაშვილის ბოლო წლების პარტნიორები, ვახტანგ ხმალაძე, ნოდარ ებანოიძე, ფრიდონ საყვარელიძე და თემურ ნერგაძეც მის ახალ გუნდში მოიაზრებიან.
რაც შეეხება მიზნებს, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მისი მთავარი სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.