“დავკარგეთ თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი, რომელმაც საზოგადოებას პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა.” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
“ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც საზოგადოებას პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა.
სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.” – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, 27 წლის მეგი ბაქრაძე დღეს გარდაიცვალა. ექთანს, რომელიც 18 მარტს, დღის პირველ ნახევარში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანეს.