14 ივნისს, გონიოში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდის, მეგი ჯაიანის დედა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილს მიმართავს.
„დე, ჩემო სულო და გულო, როგორ მენატრები რომ იცოდე, შვილო. შენი ხმის გაგონება მინდა, დე. შენი მხიარული სიცილ-კისკისი და სიმღერა მომენატრა, დედიკუნა. მამა-შვილებს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ და ეს მომწონდა და მიყვარდა თქვენში, დე. რატომ გამოეთიშე შენს ოჯახს, შვილო.
ვიცი, შვილო, ვიცი, ასე არ გინდოდა, მაგრამ არ დაგაცადეს, დე. არ შეგარგეს სიცოცხლის სიყვარული, ჩემო ანგელოზო. ღმერთზე მიმინდვია შვილო ჩვენი ასე გამწარება და გაუბედურება. ვუყურებ შენს ვიდეოებს და ცრემლი არ მიჩერდება, დე, როგორი მხიარული და სიცოცხლით სავსე მყავდი, დე. უშენობა ძალიან დაგვეტყო, დე, ჩემო დედიკუნა. ძალიან მოწყენილები ვართ შენს გარეშე, დე. ვეღარ ვსუნთქავ უშენოდ, ცრემლები მახრჩობს, დე. ჩვენ ამ ტკივილის ღირსი არ ვიყავით, შვილო, მაგრამ ყველაფერი უფლის ნება ყოფილა.
ჩემი სულის და გულის ნაწილი შენთან მაქვს, ჩემო ანგელოზო შვილო. ძალიან გვენატრები ჩემო დედიკუნა, არ ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ ტკივილს მე და შენი მამიკო, დე“, – წერს მეგი ჯაიანის დედა სოციალურ ქსელში.
