LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედას ბუშტი გვიბრუნდება… ღირსეულად უნდა დავხვდეთ… შევა ციხეში… სააკაშვილის “დიდი დაბრუნება” პოლიტიკოსების თვალით

124
Untitled design

საზოგადოების ხუმრობანარევი თხოვნა “მიშა ჩამოდი”, თანდათან რეალურ მოლოდინად იქცა და ახლა უკვე ბევრი დარწმუნებულია, რომ “მიშა ჩამოდის”.

მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლის პირობაც არაერთხელ დადო და ამ განცხადებით ქართული პოლიტიკური სპექტრიც მორიგჯერ აალაპარაკა.

ზოგმა დაითვალა, მერამდენედ ჰპირდებოდა ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გულშემატკივრებს ქვეყანაში დაბრუნებას;

ზოგმა პირობა დადო, რომ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი მოხვდებოდა იქ, სადაც “მისი ადგილია”;

ზოგმაც მესამე პრეზიდენტის მშვიდობიანად დაბრუნებაზე ზრუნვა დაიწყო და ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტა.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის – ერთ-ერთი ბოლო, ვიდრე სააკაშვილი შეძენილი ავიაბილეთის ფოტოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებდა.

კობახიძემ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს… ამის არც შნო აქვს და არც რესურსი.

27 სექტემბერს კი, სააკაშვილმა ავიაბილეთის ფოტო წარადგინა და დაწერა: რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება.

 

პოლიტიკოსების ხუმრობების ახალი სერიაც სწორედ აქედან იწყება:

 

?  რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? – შევა ციხეში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი წლებია პირობას დებს, თუმცა ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა:

“რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში…

მისი ერთადერთი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა. დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა აგებს კანონის ფარგლებში პასუხს….

სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დახვდება ასიათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. მე ვიძახი ზოგადად, მოსახლეობისთვის რომ განვმარტო”.

 

? დედას ბუშტი გვიბრუნდება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სასაცილოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ “ამხელა კაცი ჩამოდის სავარაუდოდ დედასთან ერთად”:

“იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ – ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება”.

 

?  ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და …. ლამის ძროხას დაეჯახა

სააკაშვილის ავიაბილეთმა საკუთარი უიღბლო თავგადასავალი გაახსენა ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც:

“ეჰ, მეც ავიღე ერთხელ ეგრე ბილეთი და ის რეისი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ისე დასვეს, რომ ლამის ძროხას დაეჯახა”.

 

?  თუ სააკაშვილი ჩამოვა, “პორშეს” გათამაშების გამარჯვებულმა ერთი დღით გვათხოვოს, რომ მას მოვემსახუროთ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამომრჩეველს მიმართავს და აცხადებს:

“იცით, რომ “პორშეს” ვათამაშებთ, ასევე დაპირება გვაქვს, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, “პორშეთი” მივიყვანთ საჭირო ადგილზე. “პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას რასაც ვუდებთ, იქნება ის, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. სააკაშვილს ყველასგან სხვადასხვა რამ ელის, ზოგისგან ჩახუტება, ზოგისგან “პორშეთი” გასეირნება, ზოგისგან არცთუ სასიამოვნო რაღაცები და “ქართული ოცნება” რას იზამს, ვნახოთ”.

 

დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, ღირსეულად უნდა დავხვდეთ: თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს დევნილს უწოდებს და ამბობს, რომ მას ღირსეულად უნდა დახვდნენ:

“დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ…

პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g