საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არამარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
მისი თქმით, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო.
„დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არა მარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მიბმულია უკრაინის საკითხთან და როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე და კრიზისიდან გამოსვლაზე, საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში. პრეზიდენტის თქმით, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.
„რაც შეეხება კითხვას, მივებათ თუ არა უკრაინის საკითხს? – ჩვენ მიბმული ვართ. როგორც იცით, მე გასულ ზაფხულს ვმასპინძლობდი „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლებს. პეტრას ციხეზე გვქონდა ბრიფინგი. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით ევროკავშირთანაც ვართ მიბმული, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც, ვგულისხმობ იმას, რომ ყველაზე ახლოს ვართ „ღია კარის“ პოლიტიკასთან.
რაც შეეხება კრიზისს, აქაც დაკავშირებული ვართ იმიტომ, რომ ყველას ახსენდება საქართველოს გამოცდილება, ის სცენარი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და იგი იმეორებს ამას. ჩვენ ამას ყოველთვის ვახსენებთ ჩვენთვითონვე, მე პირადად ვახსენე ეს სხვადასხვა ღონისძიებაზე და აღვნიშნე, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს შესახებ და საქართველოს სრული ინფორმაცია არ გააჩნია როგორც ასოცირებულ წევრს, მაგრამ რუსეთი რა პრეტენზიებსაც აცხადებს ამ მოლაპარაკების პროცესში, ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება შეეხოს საქართველოსაც იმიტომ, რომ ჩვენ მიბმული ვართ უკრაინის საკითხთან.
არ დაგიმალავთ, მე მქონდა კომუნიკაცია პოლონეთის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთანაც, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვახსენე, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო. ღია კრიზისი ბუნებრივია ეხება უკრაინას და განსხვავებული სიტუაციები ვერ აირევა, მაგრამ როდესაც საუბარია სამომავლო ნაბიჯებზე, კრიზისიდან გამოსვლაზე, აქ ნათელია, რომ საქართველო უნდა იყოს ყველას გონებაში, თვალსაწიერში და ჩვენ ამას ცხადად ვამბობთ იმ დისკუსიებში, რომელიც ჩვენ გვეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
