LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი – 75: ნონა გაფრინდაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

110

ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს დღეს, ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

 

 

ეს წერილი თხუთმეტი წლის წინ დაიწერა. 2001 წლის მაისში საქართველომ ნონა გაფრინდაშვილის 60 წლის იუბილე იზეიმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ თარიღს 15 წელიწადი აშორებს, ამ მართლა წერილს მნიშვნელობა ოდნავადაც არ დაუკარგავს.

 

ნონა გაფრინდაშვილი 75 – დედოფალი

საერთოდ, დედოფლად ყოფნა ძნელია.

გარშემო იმდენი რამ იცვლება, დრო ისე გარბის, რომ ხშირად ადამიანი ვერც კი ასწრებს ყველაფრის შეთვისებას, გააზრებას, ამოცნობას.

დედოფლებისთვის ეს განსაკუთრებით ძნელია, რადგან მათ ასჯერ მეტის გააზრება უხდებათ.

დღეს ნონა გაფრინდაშვილის საიუბილიო საღამოა ოპერის თეატრში. ნონა გაფრინდაშვილი ქართული სპორტის დედოფალია. ის დედოფლად რჩება დღესაც, თუმცა, კარგა ხანია, აღარ უბრძოლია უმაღლესი სპორტული ტიტულისთვის. და საერთოდ, ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის. ჭადრაკი ცხოვრების და აზროვნების წესია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული დედამიწაზე.

ჭადრაკი ხომ ერთდროულად პოეზიაცაა და მათემატიკაც, ომიც და ფერწერაც, გამოცანაც და ანეკდოტიც. და ჩვენ ყოველივე ამის დედოფალი გვყავს.

სიმართლე ვთქვა და, ჭადრაკთან შორიახლოს მდგომი კაცი ვარ. ჩემი ცოდნა ამ დიდ საქმეში რამდენიმე გენიალური პარტიის გარჩევა-გათამაშებით შემოიფარგლება. ჭადრაკის სიდიადეც სწორედ ამ პარტიებმა ამომაცნობინა, ვთქვათ, მორფისა და კონსულტანტების პარტიამ, გრანდ ოპერას ლოჟაში, როცა სცენზე „ფიგაროს” მღეროდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მთავარი ჭადრაკი კი არა, ჭადრაკის მოთამაშე ადამიანის ფიქრი, მისი გონებაა.

ნონა გაფრინდაშვილის გონება ჩვენს წინაშეა. ის ისეთივე დიდი მთხრობელია, როგორიც მოჭადრაკე. მისი ანალიტიკური გონება, მის მიერ აღქმული ცხოვრება, მისი საოცარი, ჩვენს დროში ასე იშვიათი და ჯანსაღი აზარტი და სისადავე ისეთივე განუმეორებელია, როგორც მისი კარიერა.

სპორტი ერთი ხილული და ყველაზე პოპულარული მხარეა ამ რთული გონებისა.

ჭადრაკის დედოფლობაც ერთი მხარეა. ნონა გაფრინდაშვილი ნამდვილი დედოფალი იქნებოდა ყველაფერში, სხვა დროს და სხვა ვითარებაში, სხვა გატაცებების, სხვა ინტერესების არსებობის შემთხვევაში. მისი დაუჯერებლად ტევადი, მოქნილი გონება არათუ სპორტს, არამედ ბევრად მძიმე ჭაპანსაც გასწევდა. შინაგანი ძალა საჭადრაკო დედოფალისა ნამდვილად გვიბიძგებს ამისკენ.

ნონა გაფრინდაშვილი უცნაური და მოულოდნელი ფიგურაა ჩვენს ისტორიაში, რომელშიაც ქალებს მხოლოდ დედოფლობით აღიარებენ. ანუ, ქალი მაშინ იპყრობს ჩვენს ყოფას, როცა ის დედოფალია. მისი ძალა, უნარი და ნიჭიც ამ დროს ფასდება. ეს ყველაფერი კვლავ ჭადრაკის დაფისკენ მიგვითითებს, სადაც ლაზიერი-დედოფალი წარმოუდგენელ უნარს ასხივებს – მცველიცაა, შემტევიც, ბატონ-პატრონიც, სარდალიცა და რიგითი მებრძოლიც.

ჩვენ დედოფალი გვყავს.

 

გიო ახვლედიანი
გაზეთი „სარბიელი”; 12 მაისი, 2001

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები