ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას ცხოვრების ბოლო პერიოდსა და მასთან მეგობრობას იხსენებს.
ნანა გეგეჭკორი ხაზს უსვამს ბიზნესმენის უდრეკ ნებისყოფას, პროფესიულ აქტივობასა და შინაგან სიმშვიდეს მძიმე სენთან ბრძოლის პროცესში.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ექიმ ნანა გეგეჭკორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„თემური რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ურთიერთობა მალევე მეგობრობაში გადაიზარდა. შარშან დეკემბერში მისი პრობლემა უკვე როგორც მეგობარს შემეხო. მიუხედავად იმისა რომ პრობლემა ჩემი ექსპერტიზის სფერო არაა, თვითონ გადაწყვიტა რომ ჩემს ხელში გაევლო პროცესის დეტალებს. ასე აღმოვჩნდი იმ თავგადასავალში რაც დეკემბრიდან მან გაიარა.
შთამბეჭდავი იყო მისი ოპტიმიზმი, ენერგია და არაორდინარული გადაწყვეტილებების უსწრაფესად მიღების საოცარი უნარი ამ რთული გზის გავლისას. განსაკუთრებულ გაოცებას კი ის მოწიწება და ჯენტლმენური მოთმინება იწვევდა როგორც, თუნდაც მძიმე მომენტებში გვეპყრობოდა მე ან მის ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი წამით არ დაუკარგავს სახე.
არც ერთ ეტაპზე წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და ზუსტად ვიცი არ დაუშვია სიკვდილი გამოსავლად.
გამაოგნებელი შინაგანი ძალა, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე მოდიოდა მისგან ყოველთვის. უამრავი საინტერესო პროექტი ეგულებოდა დასასრულებელი და ძალიან უნდოდა ყველაფრის მოსწრება.
გისამძიმრებ საქართველოვ…
გისამძიმრებთ ახალგაზრდებო. თქვენ ნამდვილად დიდი გულშემატკივარი დაკარგეთ.
ყველაზე მთავარი პროექტი კი მე მეგულებოდა მისთვის და სამწუხაროა, რომ მის გარეშე მომიწევს ამის გაკეთება. შეპირებული მყავდა, როგორც კი მოიცლიდა, მოწევის საწინააღმდეგო კამპანიის სახე უნდა გამხდარიყო.
ერთ დღეს, ხელოვნური ინტელექტით მისი ფოტოსგან დამზადებული ბანერის სქრინი ჩავუგდე და ვუთხარი რომ ნებართვასაც კი არ ავიღებდი მისგან ისე გავაკრავდი ამ ბანერს ყველა სკოლასთან და გზაჯვარედინთან, სადაც ახალგაზრდებს უნდა გაევლოთ.
ალბათ, ბევრი რამე დარჩა უთქმელი, მაგრამ მისი ერთი სათქმელი ნამდვილად ვიცი და მე გავახმოვანებ… მოწევა კლავს!“, – წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
