მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მსახიობი წერს, რომ ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა. იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან.
მან შექმნა ადგილები, იდეები და სტანდარტები, რომლებმაც ჩვენი ქალაქი და საქართველო სხვა დონეზე აიყვანა. მისი კვალი დარჩება იმ ყველაფერში, რაც შექმნა და იმ ადამიანებში, ვისაც შთააგონა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს ია ფარულავა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა.
მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში „ჰოლიდეი ინნის“ შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული „აჭარა ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ სასტუმროების ქართული ბრენდები „რუმსი“ და „სტამბა“ შეიქმნა.
