საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის მომდევნო სხდომის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„ვთქვი რომ შემდეგი სინოდი 24 აპრილს არის ჩანიშნული, თუმცა ეს ყოფილა ერთ-ერთი თარიღი, ამიტომ საბოლოო თარიღად არ არის გადაწყვეტილი. ამის შესახებ მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება თარიღი“,- განაცხადა დეკანოზმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა მეუფე პეტრე პატრიარქის არჩევის პროცესში მონაწილეობას, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სინოდმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამის განცხადებას სინოდის მდივანი გააკეთებს.
