LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თამაზ ლომიძე: „მიცვალებულისთვის წესის აგება არ არის მისთვის იმქვეყნიური სამყოფელის ავტომატურად მოწყობა…“

190
tamazlomidze

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ მიცვალებულისთვის წესის აგება მას იმქვეყნად ავტომატურად სამყოფელს ვერ მოუწყობს. როგორც ჩანს, ის ამ პოსტით ლუკა სირაძის საქმეს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა – „ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ“.

დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს:

„ხალხო, ქრისტიანებო, ნუ იქნებით ცრუმორწმუნეები. მიცვალებულისთვის წესის აგება არ არის მისთვის იმქვეყნიური სამყოფელის ავტომატურად მოწყობა. ნუ გგონიათ, რომ ავუგებთ წესს, ამით “დავაჭერთ” იმ ჯადოსნურ ღილაკს, გაიღება სასუფევლის კარები და უფალთან ყველაფერი რიგზეა. ეს ცრურწმენაა. რატომღაც ჩვენს, ქრისტიანობის უცოდნელ ხალხს, წესის აგება საქმის ჩაწყობა-მოგვარება ჰგონია ღმერთთან. თუნდაც მონათლული იყოს კაცი, თუ ცხოვრება ურწმუნოებაში, სიბოროტეში და მოუნანიებელ ცოდვებში გაატარა, მსოფლიოს ყველა ეკლესიებმა და ეპისკოპოსებმა ერთად რომ აუგონ წესი, მაინც ვერაფერს უშველის უფლის სამსჯავროს წინაშე, რადგან “ღმერთთან არაა მიკერძოება” (რომ. 2,11) და ვერც საქმეს ჩაუწყობთ ვერავის. გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი, რომ შეასრულო მიცვალებულისთვის და სასუფეველში მოუგვარო საქმე. წესის აგება იმქვეყნიური სახლის აგება არ გეგონოთ. წესის აგება არის ბოლო დიდი პანაშვიდი, საბოლოო დიდი ლოცვა-ვედრება უფლის წინაშე, რომ მან მიიბაროს და შეიწყალოს მიცვალებულის სული. სხვა დანარჩენიც და ყველაფერიც, რაც მას უფალთან წარდგომისას ელის, დამოკიდებულია მხოლოდ მიცვალებულის პირად რწმენაზე იესო ქრისტესადმი და ცხოვრებაში აღსრულებულ კეთილ საქმეებზე. შეასრულეთ თუ საჭირო გახდა მიცვალებულის გაცილების ეს წესი, მაგრამ სწორად და ქრისტიანულად გესმოდეთ მისი მნიშვნელობა.

ნუ გახდებით ვინმესგან ამითი მანიპულაციის მსხვერპლი.

ღმერთმა დაიფაროს ყველა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები