იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსის ე.წ. “დელტა” ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ბრიტანული მუტაცია.
როგორც ჩხაიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრის დროს აღნიშნა, ლეტალობის მიხედვითაც, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი:
“დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი.
ეს ორი მახასიათებელი – უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და უფრო მეტად ლეტალობა, არის სწორედ ის, რაც საქართველოს რეალობაშიც აისახა.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს პანდემიის ასეთი სწრაფი გავრცელება.” – ამბობს ჩხაიძე.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ინფიცირების 5 697 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 54 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, ვირუსმა 6 182 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.