სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომერციული სექტორი, რომლისთვისაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, არ გაზრდის პირველადი მოხმარების სურსათზე ტარიფს, რადგან სახელმწიფო დაასუბსიდირებს გაზრდილ სხვაობას.
„გამოვკვეთეთ კონკრეტული დარგები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ესაა სურსათის წარმოება, ჩვენი სფერო, სადაც შევარჩიეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები. ამ მიმართულებით, ტარიფის ზრდის ნახევარს სახელმწიფო დაასუბსიდირებს მთელი წლის განმავლობაში, 2021 წელს. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი მოხმარების სურსათის იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ვერ მოვახერხებთ, რადგან რესურსები შეზღუდულია. ფული, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, სახელმწიფომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გადაანაწილოს“ – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ–ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ასევე პირველი იანვრიდან, გაძვირდება დედაქალაქში სასმელი წყალიც.
