საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავა – მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს.
როგორც სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, ბრალდებულის ქმედება ძალადობრივია, მის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.
პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია. ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია.
„პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი – ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ 3 პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. საქმეზე გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, ეს ჩანაწერები ტელევიზიიდანაა გამოთხოვილი, ამასთან, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, როცა ის ჯოხის გამოყენებით ესხმის პოლიციის თანამშრომლებს თავს და დაზიანებას აყენებს. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე ვითარდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მათე დევიძე, რომელიც მათგან მოშორებით იმყოფებოდა, მოულოდნელად, ჯოხის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, ეს ჩანაწერებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს. საქმეში მოწმეთა ჩვენებებია და ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.
მათე დევიძეს სამართალდამცავები არ აკავებდნენ, როცა ის მივიდა და მათ თავს დაესხა, მათგან მოშორებით იყო, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მათე დევიძესთან შემხებლობაში, როცა მათ თავს დაესხა, მის მიმართ არანაირი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდებოდა“, – განაცხადა ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.