LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაცია გახდა შესაძლებელი

133
00

2024 წლის 15 იანვრიდან საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. მასში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია 1 ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი – 4 ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი.

დღეიდან ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს, ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.

საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც. მომავალში კი ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„საქართველოსთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა გაზრდის ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობას და მასზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე. ის, აგრეთვე, შეამცირებს საქმისწარმოების დროსა და ხარჯს განმცხადებლისთვის, ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის ადმინისტრაციულ ძალისხმევას, მოიტანს რა სამართლებრივი სიმყარის გარანტიას“, – ნათქვამია ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც უწყების პრეზიდენტის ანტონიო კამპინოსის ციტატაა მოყვანილი.

საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.

magti 5g