“დღეს და ხვალ ეს პრობლემა სრულად ამოიწურება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომუნიკაცია გაფართოვდეს და ის პრობლემები, რაც სტუდენტებს აწუხებთ ამოიწუროს”, – ასე განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა, ასევე იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს.
“ჩვენ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არ შეგვიწყვეტია სტუდენტებთან, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, გუშინაც ვესაუბრეთ, იმის წინა დღეებშიც არაერთხელ შევთავაზეთ სტუდენტებს რექტორატის დატოვება, შეხვედრები ადმინისტრაციასთან და ველოდებით სტუდენტების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯის გადმოდგმას”, – აღნიშნა ლაშა საღინაძემ.
როგორც კანცლერმა განმარტა, სტუდენტთა მოთხოვნებში საუბარია საერთო საცხოვრებლის, რექტორის არჩევის წესისა და ფინანსური
გამჭვირვალობის საკითხებზე.
“ეს არის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ყველა უნივერსიტეტისთვის, თსუ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ თსუ-ის სტუდენტებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბაგების ნაცვლად, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მახლობლად, სხვა ახალი საერთო საცხოვრებლის აშენების თაობაზე. რაც შეეხება რექტორის არჩევის წესს, ის განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით”, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული რეგულაცია ეხება საქართველოში მოქმედ ათეულობით უნივერსიტეტს, შესაბამისად, თსუ-ში ამის ცვლილება წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელიც ამ წესის ცვლილებას განიხილავს, ან კორექტირებები შეუძლია შეიტანოს.
თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია საპარლამენტო კომიტეტთან საუბარი. ასევე, არის მზაობა ვუპასუხოთ ნებისმიერ საკითხს ფინანსებთან დაკავშირებით, რომლითაც ამომწურავად ვუპასუხებთ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მოთხოვნას”, – აღნიშნა კანცლერმა.
თსუ-ის პრესსამსახურის ცნობით, სახალხო დამცველთან შეხვედრისას ისაუბრეს რექტორატში შეჭრის ფაქტზე, რის შემდგომაც თანამშრომლებს არ ეძლევათ სამუშაოს განხორციელების უფლება.
“ძალიან ვწუხვართ, რაც მოხდა პარასკევს, ძალადობრივ ქმედებებზე წუხან ეს ადამიანებიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც დღესდღეობით აპროტესტებს ამ საკითხებს, კეთლგონიერებას გამოიჩენს. მას შემდეგ, რაც აღდგება სამუშაო პროცესი და დავივიწყებთ რაც პარასკევს მოხდა.
საწყის წერტილად ავითვალოთ დღევანდელი დღე და მზაობას გამოვხატავთ, რომ შევხვდეთ”, – განაცხადა ლაშა საღინაძემ.
როგორც თსუ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება.
“სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და დამატებით საგამოცდო ცენტრებში ქუთაისსა და ახალციხეში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია.დამატებით ცენტრებში 160 სტუდენტი დარეგისტრირდა.
ამასთან, საგამოცდო პერიოდში 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე სტუდენტებისთვის ორივე საერთო საცხოვრებელი (ლისზე და ბაგებში) გახდა უფასო.
დღეისთვის საერთო საცხოვრებლებში რამდენიმე ათეული ადგილია დარჩენილი. გამოცდებისთვის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის თაობაზე დამატებით 7 სტუდენტმა მიმართა უნივერსიტეტს. პარალელურად ფაკულტეტები ინდივიდუალურად მუშაობენ იმ სტუდენტებთან, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი მეორე თვეა გრძელდება.
სტუდენტები საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, ფინანსურ გამჭვირვალობას, ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილებას და ახლა უკვე რექტორის გადადგომას და რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ.
თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს
თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ
თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ