11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გოგონათა უფლებების დაცვისა და აღიარებით მიზნით გამოცხადდა.
გოგონათა საერთაშრისო დღეს სოციალურ ქსელში მეგობრები ერთმანეთს ფერადი, ლამაზი ფოტოებით ულოცავენ. თუმცა, რამდენად გვაქვს საქმე მოსალოცად არსებული სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ქალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასთან პირდაპირ კავშირშია, ამაზე ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სხვაგვარად ფიქრობენ. უფრო კონკრეტულად, თუ რა პრობლემას აწყედებიან ქალები დაბადებიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში, თამარ კურატიშვილის ბლოგპოსტიდან შეიტყობთ:
“გამარჯობა, გოგონა, შენ ის ხომ არ ხარ, გუშინ სკოლიდან რომ გამოაბრუნეს – ჩადრით გაკვეთილზე ვერ დაგიშვებთო?! ან ის ხომ არ ხარ, 13 წლისას ბებომ საქმრო რომ შეურჩია და გახარებულმა დედ-მამამ ქორწილის დღე დაუნიშნა?! და შენ? – შენ ის ხომ არ ხარ, ჯერ კიდევ პაწაწინას ხელი რომ დაგავლეს და ექიმბაშთან გაგაქანეს, სასქესო ორგანო დაგისახიჩრეს და წინდაწინ ქმართან საცხოვრებლად წესები დაგიდგინეს?! შენ? – შენ ის ხომ არ ხარ, თამაში რომ შეაწყვეტინეს, ხელიდან თოჯინები დააყრევინეს და გასაჩენ-მოსავლელად ბავშვები მიაბარეს?! თქვენ ის გოგონები ხომ არ ხართ, საკუთარ ცხოვრებაზე უფლება რომ ჩამოართვეს და მონებად დაიყენეს?!
და, შენ რომელიღა ხარ? – ის ხომ არა, სამყაროს ბიჭი ურჩევნია საზიდადო, რომ გადაწყვიტა და საკუთარ გოგონას სიცოცხლე ჩანასახიდან მოპარა?! შენ იმ გოგონას მეზობელი ხომ არა ხარ, ღამით კედლებიდან გამოჟონილი კივილი რომ ჩაგესმის და დღისით სხეულზე დალურჯებებით რომ აგივლის-ჩაგივლის ხოლმე?! შენ ის ძია კაცი ხომ არა ხარ, გარყვნილი აზრები რომ ვერ დაგიოკებია, ბავშვისთვის ხელისფათური დაგიწყია და საკუთარი ქცევა ვერ გაგიაზრებია?! შენ იმ გოგონას მშობელი ხომ არა ხარ, ხალხის რეაქციით შეშინებულს შვილის იძულება რომ გადაგიწყვეტია და მისთვის ყოველდღიურად განმეორებადი ძალადობის თმენა დაგივალდებულებია?!
ჩვენ ის საზოგადოება ხომ არ ვართ, სამოქალაქო პასუხისმგებლობები რომ ჩამოგვიხსნია და საზიდად გოგონებისთვის გადაგვიბარებია?!
დღეს იმ გოგონათა საერთაშორისო დღეა, სოციალური პრობლემებისა და უთანასწორობის აღმოფხვრა რომ სჭირდებათ და საქმე კი, მისალოცად არ გვაქვს”!