LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PHR: შსს-მ და საპატრულო პოლიციამ 10 000 ლარი უნდა გადაუხადოს შშმ პირს, რომელსაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება არ მისცეს

82
Untitled design (3)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან პირზე შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს და წერს, რომ შსს-მ და საპატრულო პოლიციამ 10 000 ლარი უნდა გადაუხადოს საქმეში მოსარჩელე დავით ხუხუას, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

„დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც დადგინდა დავით ხუხუას მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა – შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან. დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს წინარე გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნულ საქმეში დარღვევა ვერ დაადგინა.

2016 წლის 15 ივნისს, მოქალაქე დავით ხუხუა სამ თანამგზავრთან ერთად, თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მიემგზავრებოდა მანქანით. დავით ხუხუა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და გადაადგილებისთვის იყენებს ეტლს, რომელიც მგზავრობისას ინახებოდა მანქანის საბარგულში.

მანქანის გაუმართაობის გამო, მათ მოუწიათ მისი გაჩერება, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიუახლოვდათ. პოლიციელების მხრიდან მანქანის დაყოვნება გაგრძელდა რამდენიმე საათით. მთელი ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორებს სთხოვდა ეტლის საბარგულიდან გადმოტანაში დახმარებას, რადგან ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. დავით ხუხუას თანამგზავრებმა მინიმუმ 8-ჯერ სცადეს ეტლის საბარგულიდან გადმოღება, თუმცა, ამის საშუალება მათ პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს.

საპატრულო პოლიციის მხრიდან, მანქანაში თავისუფლების შეზღუდვის მთელი დროის განმავლობაში დავით ხუხუას უწევდა შარდის შეკავება. რის გამოც მას დაეწყო ძლიერი სპაზმი და განიცდიდა მძიმე ტკივილს.

საბოლოოდ, კი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა ავტომანქანაში – საჯარო სივრცეში, სხვების თანდასწრებით. ამის შემდეგ, მას რამდენიმე საათი მოუწია ამ მდგომარეობაში მანქანაში დარჩენა. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია დავით ხუხუას ღირსების შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა – შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციული ნიშნით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, PHR 2016 წლიდან იცავს დავით ხუხუას ინტერესებს სასამართლოში.

„აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ სოფიო გაგნიძემ, ვერ დაინახა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციელების მოქმედება/უმოქმედობა კანონიერად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე, ჯერ კიდევ 2016 წელს, დისკრიმინაცია დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველსაც.

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც:

◼ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

◼ დადგინდა დავით ხუხუას მიმართ შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

◼ მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასახავს საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით და შშმ პირთა გაეროს კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და ღირებულებებს. მიზნად ისახავს სამართალდამცველთა სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების გამოსწორებას და სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება იცავს ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ღირსებას, ამავე დროს, იგი პრევენციული ღონისძიებაა, რათა მომავალში აღარ მოხდეს შშმ პირების მიმართ ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცველების მხრიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები