დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა ჩანიშნული. სხდომას არ დაესწრება თავად ნიკა მელია.
წინა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეომასალა უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილს შუამდგომლობით მელიას ადვოკატებმა მიმართეს. როგორც ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარის წინასწარი ინფორმირება არ მოახდინა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მტკიცებულების გამოკვლევას აპირებდნენ.
კონდახიშვილის ცნობით, იმისათვის, რომ დაცვის მხარის მიერ ნიკა მელიას დაცვის უფლების განხორციელება ჯეროვნად მოხდეს, პროცესი უნდა გადადებულიყო.
ბრალდების მხარის განმარტებით კი, დაცვის მხარე ითხოვდა – მოწმეთა შესახებ წინასწარ სცოდნოდათ, დღევანდელ პროცესზე კი, მოწმეს არ დაკითხავენ. მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა.