„დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია. ჩათვალეთ, რომ გაზაფხული უკვე დამდგარია. უკვე უნდა დაიწყონ მზადება, რადგან პრობლემა დადგება“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„მომავალ კვირაში დაბალი ტემპერატურებია, ამიტომ მოლიპვა და ყინული უფრო საშიშია, თოვლი მძიმდება. წამებს და დროს აქვს დიდი მნიშვნელობა. მოსახლეობა, რომელიც გამოსაყვანია, უნდა გამოიყვანონ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში რამდენიმე სტიქიაა, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება და არ შეიძლება ერთმანეთზე გადაბრალება.
„ჩვენ ერთი სტიქია კი არ გვაქვს, რამდენიმე სტიქია გვაქვს, ზვავსაშიშროება გვაქვს, ხანძრები, გვალვები, წყალდიდობები, მეწყრები – ეს ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე, როდესაც სტიქია ჩაივლის, ეს ყველაფერი გვავიწყდება. ამას სისტემური მიდგომა სჭირდება და არ შეიძლება ერთმანეთზე გადაბრალება. პირველ რიგში, სისტემა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ჩხობაძემ.
„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე
სლაიდზე გამოყენებულია ფოტოები ფეისბუქჯგუფიდან „მოხალისეები გურიისთვის“