საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიცაში მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი “ისლამურმა სახელმწიფომ” ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის მკვლელობის გამო მოაწყო.
ათიათასობით ადამიანი ბასტილიის აღების დღეს ქუჩაში აღნიშნავდა, ისინი საზეიმო ფეიერვერკს უყურებდნენ, როდესაც ხალხის ნაკადში სწრაფად მომავალი სატვირთო მანქანა შეიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი ცდილობდა, მანქანა ისე ემართა, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. შემდეგ კი გაისმა სროლის ხმა, მძღოლს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, საპასუხოდ ისროლა ტერორისტმაც. იგი ლიკვიდირებულია, მანქანაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი იპოვეს.
ნიცაში გლოვაა, დაშვებულია დროშები, გაუქმდა ყველა საზეიმო ღონისძიება. ქალაქის მოსახლეობა და სტუმრები ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით ეძებენ.