პრემიერმინისტრის განცხადებით, მმართველ გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ხოლო არსებული აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიისთვის ბუნებრივი პროცესია და მას როგორც სიმდიდრეს, ისე უნდა შევხედოთ.
პრემიერს იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს, რადგან, კვირიკაშვილის თქმით, იგი ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, რომ უმრავლესობა არ დატოვოს.
„აბსოლოტურად ბუნებრივია ის პროცესები, რაც არის პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობის პორობებში, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა. მე ძალიან გული დამწყდება, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლეოსბას. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღევანდელ პირობებში, ამ დემოკრატიის ხარისხის პირობებში, უმრავლესობის ერთხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება.
„რა თქმა უნდა, არის საკითხები, როდესაც კონსოლიდაცია საჭიროა, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტიტუციის დროს, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ვერ მოხერხდება გუნდის ყველა წევრის ერთ აზრზე შეჯერება. ამ დროს არის ხოლმე თავისუფალი კენჭისყრაც და ასე შემდეგ. ამიტომ შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს და არავითარ შემთხვევაში არა როგორც რაიმე განხეთქილებას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
