მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით – ასე აფასებენ ორგანიზატორები საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს, რომელიც დღეს გაიმართა.
ფორუმი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორკოკმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნეს.
ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი იყო 15-ზე მეტი სლოვაკური კომპანია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა ორმხრივი ბიზნესშეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, ქართულ და სლოვაკურ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, პირისპირ გაიცნონ ერთმანეთი და საინტერესო ბიზნესპერსპექტივები განიხილონ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფორუმის ფარგლებში, ამ ეტაპზე განსაკუთრებული ინტერესი უკვე გამოითქვა IT სექტორისა და ენერგეტიკის მიმართ.
მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის შედგეს თანამშრომლობა მანქანათმშენებლობის მიმართულებით.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის, უფრო მეტი ინვესტიცია და მეტი ერთობლივი პროექტი განახორციელონ საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად:
“მზად ვართ სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად უფრო მეტი ინვესტიცია და პროექტი განვახორციელოთ და მათ მხარს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით დავუჭერთ.” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ბიზნესფორუმის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე “ფორტუნას” სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა ესაუბრა.
როგორც გიორგი ვეკუამ აღნიშნა, დღევანდელი ბიზნესაქტივობა ცხადყოფს, რომ ბიზნესი მზად არის ექსპორტისთვის.
“მოხარულები ვართ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდა ცოცხალი ბიზნესფორუმები, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, რამდენიმე წელია, მსგავსი ღონისძიებების საშუალება არ გვქონდა, მაგრამ დღევანდელი ბიზნესაქტივობა ცხადყოფს, რომ ბიზნესი მზად არის ექსპორტისთვის, მზად არის მოიძიოს პარტნიორები საზღვარგარეთ და დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება პირველი იმ მრავალი ბიზნესფორუმიდან, რომელიც ქვეყანაში გაიმართება უახლოეს მომავალში. რა თქმა უნდა, კოვიდუსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რადგან ეს არის ჩვენი პრიორიტეტი”, – აღნიშნა გიორგი ვეკუამ.
მისივე თქმით, ფორუმზე სლოვაკური მხარე საკმაოდ საინტერესო სექტორებით არის წარმოდგენილი.
“ძირითადად აინტერესებთ IT მიმართულება, ასევე არის სამედიცინო სექტორი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ინოვაციური მიმართულებები. აქ არის დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ქართული ნაწარმით, რომ ის წარმოდგენილი იყოს სლოვაკურ ბაზარზე.
ძალიან მაღალია აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ბიზნესი მონდომებულია და დაინტერესებულია, რომ მოიძიოს პარტნიორი საზღვარგარეთ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ნელ-ნელა აბრუნებს დღის წესრიგში ბიზნესფორუმებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, უკვე გვქონდა სამი ბიზნესფორუმი ავსტრიასა და ესტონეთში და, ვფიქრობთ, რომ უფრო გააქტიურდება.
ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ბიზნესს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და მიიღონ შეთავაზებები. ეს კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით”, – აღნიშნა გიორგი ვეკუამ “ფორტუნასთან”.