რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს „ქუჩის ბიჭების“ წევრი – ზურა ხაჩიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ჯგუფის ახალი სიმღერა „ვერ შეგელევი“ წარუდგინა. სიმღერა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ზურა, დღეს გვაქვს „ქუჩის ბიჭების“ ახალი სიმღერის პრემიერა, რომლის კომპოზიტორიც ბატონი ჯემალ სეფიაშვილია, ვისაუბროთ თქვენს თანამშრომლობაზე.
ბატონ ჯემალის მესამე სიმღერას ვასრულებთ, ბევრჯერ გვითანამშრომლია. ბატონ ჯემალს ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს, მის არსენალში უდიდესი ჰიტებია. რეპერტუარი ყველაფერს ამბობს ამ ადამიანზე. მინდა, ჯგუფის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომ ასეთი კარგი სიმღერა დაგვიწერა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მსმენელი შეიყვარებს ამ ნამუშევარს.
მოგვიყევით ნამუშევარზე „ვერ შეგელევი“, როგორია სიმღერის ისტორია?
რაც შეეხება სიმღერის ისტორიას, ჩვენ ცისანასთან ერთად გვაქვს ნამღერი „ლამაზი ღამე“. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ეს სიმღერა და ძალიან პოპულარული იყო წლების წინ, რასაც ჰქვია, მეგა ჰიტი იყო. ახალი სიმღერის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ბოლო დროს, ძალიან გვინდოდა ბატონი ჯემალის რეპერტუარიდან კიდევ რამე გაგვეკეთებინა, ძველი სიმღერა გადაგვეკეთებინა. ბატონმა ჯემალმა გვითხრა, რატომ უნდა გადააკეთოთ, როცა შემიძლია ახალი სიმღერა დაგიწეროთო და ასეთი სიმღერა დაგვიწერა. ტექსტი ჩვენი ჯგუფის წევრმა, ირაკლი ნოზაძემ დაწერა. არანჟირება შამოსთან გავაკეთეთ. ძალიან დიდი მადლობა მას, ძალიან კარგი არანჟირება გამოვიდა. ჩაწერილია ცოცხალი ინსტრუმენტები. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ამ სიმღერას ვაკეთებთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ძალიან მნიშვნელოვანია კომპოზიტორის ჩანაფიქრი ზუსტად შეასრულო და მსმენელამდე მიიტანო.
2024 წელს „ქუჩის ბიჭები“ 30 წლის იუბილეს აღნიშნავთ, რაიმეს თუ გეგმავთ ამ თარიღთან დაკავშირებით?
დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ რადგან საარჩევნო წელი იყო, მომავალი წლისთვის გადავდეთ. ბატონმა დათო ოქიტაშვილმა ვარსკვლავის გახსნაც შემოგვთავაზა. იმედია, მომავალ წელს გავაკეთებთ კონცერტს და ყველა იმ ჰიტს შევასრულებთ, რომელიც ჩვენს მსმენელს ძალიან უყვარს.
ქუჩის ბიჭები – ვერ შეგელევი
გადაცემის ჩანაწერი