ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.