ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაირეგისტრირეს, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულება 702 183 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს, 53 758 ლარის ღირებულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
