10 მაისს, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ,უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, სოლოკონცერტს გამართავს. ეს იქნება ალექსანდრეს პირველი სოლოკონცერტი თბილისში. ღონისძიება ეფუძნება მის ამერიკულ ტურნეს „ბიჭი ოცნებით“ და მის ისტორიას: როგორ წამოვიდა პატარა სოფლიდან და მივიდა დიდ სცენამდე. ეს არ არის მხოლოდ კონცერტი, არამედ თეატრალური დადგმა, სადაც გაიგებთ მის სრულ ისტორიას, ჰიტ სიმღერებითა და ცნობილი არტისტების ქავერ-ვერსიებით.
„დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც გამეკეთებინა ის კონცერტი, რაც ამერიკაში ჩავატარეთ. პოსტერს რომ ვდებდი ხოლმე სოციალურ ქსელში, ქართველებისგან სულ იყო გამოხმაურება, ჩვენ როდის გვეღირსებაო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, 10 მაისს, ჩემი სოლოკონცერტი ჩავატარო თბილისში. კონცერტი ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში იქნება. ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე“, აღნიშნა მომღერალმა „არ დაიდარდოსთან“ საუბრისას.

