დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულების რაოდენობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
როგორც სააგენტომ გაარკვია, 2 დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რაც „ინტერპრესნიუსს“ თავად კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება, საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
„ცოტა იყო დარჩენილი, დაახლოებით 8 წუთი რომ მივსულიყავით… საშინელი ხმა გავიგონე“ – რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა
თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან ტრაგედია მოხდა. თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
ინფორმაციისთვის, გუშინ, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.