LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დივა, მილიარდერი და პირველი ლედი – მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

2295
FORTUNA. GE

მსოფლიო ოპერის ლეგენდას, მარია კალასს ყველაზე მეტად „მედეას“ პარტია უყვარდა და სიმბოლურია, რომ თავადაც საყვარელი გმირის ბედი გაიზიარა, რომელმაც სიყვარულის გამო ყველაფერი დაკარგა. პიერ პაოლო პაზოლინი, რომლის ფილმშიც კალასმა მედეას როლი მოირგო, მას ახასიათებდა როგორც  ყველაზე თანამედროვე და ამავდროულად შინაგანი კონფლიქტებით სავსე, იდუმალ და ჯადოსნურ, უძველესი სამყაროს ქალს. კალასის ცხოვრების ბევრი დეტალი, მათ შორის გარდაცვალების გარემოებები დღემდე საიდუმლოებით არის მოცული…

მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორიას დღემდე იხსენებენ, როგორც გამორჩეულს, თუმცა ეს ისტორია იმის მაგალითად უფრო გამოდგება, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე სრულიად გაანადგუროს, ამ უკანასკნელმა კი მას ამის უფლება მისცეს.

წყვილი ერთმანეთს ონასისის იახტაზე„კრისტინაზე“ მოწყობილ ერთ-ერთ საღამოზე შეხვდა და ეს შეხვედრა კალასისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში ურთიერთობას მალავდნენ, თუმცა, შემდეგ მსოფლიო სკანდალმა შეძრა. მარია კალასი, რომელიც თავისზე 27 წლით უფროს იტალიელ მილიონერ ჯოვანი ბატისტაზე იყო დაქორწინებული, არისტოტელე ონასისთან ერთად მისმა ცოლმა, ტინამ აღმოაჩინა.

სიყვარული, რომელმაც დროს გაუძლო – გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

სკანდალის შემდეგ მალევე დივა მეუღლეს დაშორდა და პარიზში, ონასისთან ახლოს დასახლდა. თუმცა, თავად ონასისი ცოლთან განქორწინებას არ ჩქარობდა და ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც განქორწინება თავად ტინამ მოითხოვა.

მილიარდერი მარიას დაქორწინებას და ჭეშმარიტ სიყვარულს ჰპირდებოდა. მიუხედავად ამისა, არისტოტელე არ ჩქარობდა სიტყვის შესრულებას და დაქორწინებას კალასზე, რომელიც უკვე 36 წლის იყო და ძალიან უნდოდა შვილები. 43 წლის ასაკში მარია დაორსულდა, თუმცა, ონასისმა შვილის გაჩენის ნება არ დართო და მარიაც დაემორჩილა. ამ გადაწყვეტილებას ლეგენდარული მომღერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ნანობდა. ეს კარგად ჩანს ონასისისადმი მიწერილ მის წერილებში.

„მე მარია კალასი ვარ! როგორ იფიქრე, რომ გაპატიებდი… შენს გამო უარი ვთქვი შვილზე, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა“, –  წერდა საუკუნის ხმა.

1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისი ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა, რამაც მარია კალასი შოკში ჩააგდო. ონასისმა ცოლად შეირთო ქალი, რომელიც არ უყვარდა. იგი ფიქრობდა, რომ ჟაკლინი მას ამერიკას მისცემდა. არისტოტელე, რომელიც არც ერთ ურთიერთობას არ იწყებდა ისე, თუ იქიდან რაიმე გამორჩენას არ ელოდა თვლიდა, რომ ეს ქორწინება მას ამერიკული პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტისაკენ გზას გაუკაფავდა. ჟაკლინს ბერძენ მილიარდერზე დაქორწინების საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ იგი შიშობდა, რომ მისი შვილები შესაძლოა საფრთხეში ჩავარდნილიყვნენ და ვეღარავის დაეცვა, გარდა ამისა ყოფილ პირველ ლედის ძალიანაც მოსწონდა ონასისის ხელგაშლილობა. მათი ქორწინება ორივე მხარისათვის ხელსაყრელ გარიგებად მოჩანდა, თუმცა საბოლოოდ ონასისმა მის სანაცვლოდ ვერც ამერიკა მიიღო და ვერც ბედნიერება. მარიას ნერვიულობისაგან ხმა წაერთვა, რაც ლეგენდარული დივასათვის სიკვდილის ტოლფასი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ონასისი დროდადრო მარიას ცხოვრებაში ჩნდებოდა და უცხადებდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. იყო შემთხვევები, როდესაც ონასისი მარიას ფანჯრებთან ღამეს ყვირილში ათენებდა და მომღერალს სახლში შეშვებას სთხოვდა. იგი კალასს ჰპირდებოდა, რომ ჟაკლინ კენედის გაეყრებოდა და შეცდომას გამოასწორებდა.

თუმცა ონასისმა არც ეს დაპირება შეასრულა. იგი 1975 წლის მარტში გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში მასთან არც ჟაკლინი და არც მარია არ იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ ლეგენდარულმა დივამ მხოლოდ ორი წელი იცოცხლა. მიუხედავად ყველაფრისა იგი ონასისს ისე გლოვობდა, როგორც ჭეშმარიტი ქვრივი.

მარია კალასი 1977 წლის 16 სექტემბერს, 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დღემდე უცნობია მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. არსებობდა ვერსია, რომ „ღვთაებრივი ხმა“ მოწამლეს. მომღერლის ფანები ამაში მის აკომპანიატორს, ვასა დევერცს ადანაშაულებდნენ, რომელსაც კალასის ქონების მითვისება სურდა, თუმცა საბოლოოდ ეს ბრალდება არ დადასტურდა..

მარია კალასის უკანასკნელი სურვილი მისი ფერფლის იმ ბერძნულ კუნძულთან მიმოფანტვა იყო, რომელზეც არისტოტელე ონასისია დაკრძალული, თუმცა მომღერლის ეს სურვილიც აუსრულებელი დარჩა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები