LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის ქორწინება: ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის სიყვარულის ისტორია

1244
page

მსოფლიო პრესა ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის სიყვარულის ისტორიას, ქორწინებას კი, საუკუნის მოვლენა უწოდა, რადგან სწორედ საკუთარი შეუღლებით დაუბრუნა წყვილმა ძველი პრესტიჟი ბრიტანეთის მონარქიას.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი: ოჯახურ იდილიაზე ძვირფასი თავისუფლება

 

 ქეითის და უილიამის პირველი შეხვედრა 

მართალია, დღეს ქეითი, რომელსაც ხშირად ადარებენ პრინცესა დიანას, უნაკლოდ გამოიყურება და იდეალურად ირგებს მომავალი დედოფლის როლს, მაგრამ სულ რაღაც 15 წლის წინ მთელი ბრიტანული საზოგადოება დასცინოდა. მისს მიდლტონს, „მარადიულ მომლოდინეს“ უწოდებდნენ და არავის სჯეროდა, რომ მისი რომანი მემკვიდრე პრინცთან ქორწინებით დასრულდებოდა, თუმცა, ქეითმა მაინც მიაღწია თავისას და ძალიან ბედნიერია. როგორც ჩანს, მოსიყვარულე მეუღლე, სამი არაჩვეულებრივი შვილი და დედოფლის გვირგვინი მომავალში – ნამდვილად ღირდა წლების მანძილზე დამცირების მოთმენად.

ქეითი ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, გართობას კი, ყოველთვის მეცადინეობა ერჩივნა, რადგან ყველაფერში სხვაზე უკეთესი უნდოდა რომ ყოფილიყო. მეტიც, სანამ პიპა – მისი უმცროსი და განურჩევლად ყველასთან აბამდა რომანს, ქეითი ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა ცოდნის მწვერვალებს, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა კოლეჯის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში – სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში ჩააბარა და სწორედ იქ შეხვდა ცხოვრების მთავარ მამაკაცს – პრინც უილიამს. სხვათა შორის, წყვილის სიყვარულის ისტორია საქველმოქმედო fashion-შოუზე დაიწყო, სადაც ქეითი საკმაოდ თამამი სამოსით – გამჭვირვალე კაბით წარსდგა პრინცისა და მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე. თუმცა, თავად უილიამი, რომელიც ქეითს წლების მანძილზე უყვარდა ფარულად, სულ არ ჩქარობდა მის გაცნობას, რადგან ერთდროულად რამდენიმე გოგონასთან ერთობოდა, ქეითს კი, ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. მიდლტონმა მაინც არ დაიხია უკან, უილიამს დაუმეგობრდა და მთელი დრო მას დაუთმო. მეტიც, სწორედ ქეითმა დაარწმუნა, რომ არ ღირდა სწავლისთვის თავის დანებება, როცა ბრიტანეთის მომავალმა მონარქმა უნივერსიტეტის დატოვება გადაწყვიტა.

 

 ხანმოკლე დაშორება და შერიგება

სრულფასოვანი ურთიერთობა წყვილმა მეორე კურსზე გააბა, როცა მეგობრებთან ერთად სახლი იქირავა სენტ-ენდრიუსში, უილიამმა კი, ვეღარ შეძლო ქეითის მოჭარბებული მზრუნველობისგან თავის დაღწევა.

2005 წლის გაზაფხულზე პაპარაცებმა, რომელთაც უილიამი და ქეითი ალპებში, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე გამოიჭირეს, მეტად შთამბეჭდავი ფოტოები გაავრცელეს, არ ჩამორჩნენ კოლეგებს არც ტაბლოიდები, რომელთაც იმავე დღეს აჭრელეს გამოცემები ხმაურიანი სათაურებით. სწორედ პრესის წყალობით შეიძინა მისს მიდლტონმა მემკვიდრე პრინცის საცოლის სტატუსი და ოფიციალურად გახდა სამეფო ღონისძიებების მუდმივი სტუმარი. თუმცა, მიდლტონი არ აღმოჩნდა მზად აჟიოტაჟისა და მოულოდნელად თავსდამტყდარი პოპულარობისა, ამიტომ ხშირად იბნეოდა და უამრავ შეცდომას უშვებდა, რითაც დედოფალს – ელისაბედ მეორეს ანერვიულებდა. მართალია, მზრუნველმა პრინცმა საყვარელ ქალს რეპეტიტორი დაუქირავა, რამაც ჟურნალისტები ქეითისა და უილიამის ქორწინებაზე აალაპარაკა, მაგრამ უილიამმა ისევ თავი შეიკავა ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან. მეტიც, პრინცმა ყველასთვის მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ ღირდა ძვირფასი დროის მხოლოდ ერთ გოგონაზე დახარჯვა.

დროებით ქეითი მართლაც გაქრა პრესის მხედველობის არედან, უილიამი კი პირიქით, ინტენსიურად სტუმრობდა ყველა წვეულებას და მუდმივად იცვლიდა თანამგზავრებს.  თუმცა, განცხადება ქეითთან დაშორებაზე ოფიციალურად არასდროს გაუკეთებია, რითაც ძალიან დააბნია პრესა.

 

ნიშნობა და ქორწინება

განშორება მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. საბედნიეროდ, უილიამი სწრაფად მიხვდა, რომ ქეითის გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და  2010 წლის ნოემბრის თვეში დიდი ხნის ნანატრი წინადადებით მიმართა ქეითს, 2011 წლის თებერვალში კი, ოფიციალურად განაცხადა ნიშნობის შესახებ და პირველად წარსდგა საცოლესთან ერთად პუბლიკის წინაშე.

საქორწინო ცერემონია, რომელსაც 2 ათასზე მეტი სტუმარი, მეტწილად ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და კულტურის წარმომადგენლები დაესწრნენ, 2011 წლის 29 აპრილს შედგა და საუკუნის ქორწილად მოინათლა, რადგან პირდაპირ ეთერში გასულმა ცერემონიამ 2 მილიარდზე მეტ მაყურებელს მოუყარა თავი.

 

 ბედნიერი წყვილი

2012 წელს პრესამ ქეითის ორსულობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც ისეთივე აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც მისმა ქორწინებამ. მეტიც, 2013 წლის 19 ივლისს ქეითის კლინიკაში მოთავსების შემდეგ, მეზობელ ქუჩაზე კამერა დამონტაჟდა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში ელოდა ჰერცოგინიას გამოჩენას ახალშობილთან ერთად. სხვათა შორის, ბრიტანელმა ბუკმეიკერულმა კანტორებმა უამრავი ფსონი მიიღეს და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას შეჰპირდნენ მათ, ვინც ბავშვის სქესს გამოიცნობდა.

ჯორჯი, რომელიც დღეს ტახტის მესამე მემკვიდრედ ითვლება, 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა, მისი უმცროსი და – შარლოტა, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, მაინც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, 2015 წლის 2 მაისს მოევლინა სამყაროს, ყველაზე უმცროსი ლუი კი, 2018 წლის 23 აპრილს დაიბადა.

წელს ქეითი და უილიამი ქორწინების მე-11 წელს აღნიშნავენ. წყვილი, რომელსაც მეტად დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს, მაქსიმალურად ცდილობს ბრიტანული მონარქიის პრესტიჟის გაძლიერებას, თუმცა ბრიტანელებს საზოგადოებრივ საქმიანობაზე მეტად მათი პირადი ცხოვრება აინტერესებთ, რადგან სკეპტიკოსების მოლოდინის მიუხედავად, წყვილმა მაინც შეძლო სიყვარულის და გულწრფელი გრძნობების შენარჩუნება.


რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები