მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი – მსოფლიოს ულამაზესმა ქალბატონმა და ,,მომხიბვლელმა არამზადამ” მთელი 14 წელი იცხოვრეს ერთად, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ, რადგან თავისუფლება უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე ოჯახური იდილია.
პირველი შეხვედრა
მონიკა ბელუჩიმ და ვენსან კასელმა 1996 წელს გაიცნეს ერთმანეთი ფილმის „ბინა“ გადასაღებ მოედანზე. კასელს ძალიან არ მოეწონა ახალგაზრდა ქალი, რომელზეც მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გიჟდებოდა, რადგან საშინლად უნიჭოდ მოეშვენა. არ ჩამორჩა არც ბელუჩი, რომელმაც აუტანელ სნობად დაახასიათა ეკრანული პარტნიორი. იმ პერიოდში მონიკა მოდელის კარიერაზე უფრო ზრუნავდა და მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში, გამოცდილი ვენსანსი კი, რომელმაც რამდენიმე სერიოზული როლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, პირველ რიგში პროფესიონალიზმს აფასებდა და სწორედ ბელუჩის დილეტანტობა აღიზიანებდა, თუმცა, „სეზარის“ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც ბელუჩის ნამუშევარი პრემიით აღინიშნა, წყვილი ერთად გამოჩნდა და ყველა ძალიან გააკვირვა.
როგორც აღმოჩნდა, ვენსანი დიდხანს ცდილობდა ულამაზესი ქალბატონის გულის მოგებას, თუმცა მონიკა, რომელსაც არასდროს ხიბლავდა ოჯახური ვალდებულება, დიდხანს უარობდა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ დათანხმდა, როცა ვენსანი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, პრესის მრავალრიცხოვან შეკითხვებს კი უცნაური იუმორით უპასუხა: „ჩავთვალე რომ დაქვრივება უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე ყოფილ საყვარელად დარჩენა. ამასთანავე, შავი ფერი ყველა ქალს უხდება და არც მე ვიტყოდი უარს მოხდენილი შავი კაბის ტარებაზე“.
თავისუფალი ქორწინება
წყვილმა 1999 წლის სექტემბერში იქორწინა, თუმცა ახლადშექმნილი ოჯახი ნაკლებად ჰგავდა ტრადიციულს, რადგან შეუღლებულებმაც შეძლეს თავისუფლების შენარჩუნება. უცნაურია, მაგრამ წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა სხვადასხვა ქალაქში – ვენსანი მშობლიურ პარიზში, მონიკა კი, საყვარელ რომსა და ლონდონში. თუმცა, როგორც თავად აღნიშნეს, სწორედ ამგვარი ურთიერთობა დაეხმარათ სიყვარულის შენარჩუნებაში, რადგან ვერასდროს ასწრებდნენ კამათს, სამაგიეროდ ყოველთვის ძალიან ენატრებოდათ ერთმანეთი. „არასდროს ვერევი ვენსანის საქმეში. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ძალიან განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, იტალიელი ქალების მსგავსად, მეც საშინლად ეჭვიანი ვარ, თუმცა ჩემთვის ემოციური ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. ვენსანი ყოველთვის ჩემს გვერდითაა, როცა მჭირდება, მეტს კი, არაფერს ვითხოვ“, – აღნიშნა ბელუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში, რაც მოგვიანებით კასელმაც დაადასტურა:. „ჩვენ მართლაც ძალიან განვსხვადებით და ეს მშვენიერია, რადგან უაზრობაა გიყვარდეს შენი ანარეკლი. არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ადამიანთან, ვინც ჩემსავით აფასებს თავისუფლებას“.
„შეუქცევადობა“
სერიოზულ გამოცდად იქცა წყვილისთვის გასპარ ნოეს სკანდალურ ფილმზე „შეუქცევადობა“ მუშაობა. მართალია, მეუღლეებმა შეყვარებულები განასახიერეს, მაგრამ ბელუჩის ძალადობის 9-წუთიან ეპიზოდში მოუწია მონაწილეობა, რომელიც ნოემ შელამაზების და რაც მთავარია, მონტაჟის გარეშე გადაიღო. მონიკამ კატეგორიულად აუკრძალა ვენსანს გადაღებაზე დასწრება, თუმცა კასელმა ვერ მოითმინა და უკვე გადაღებული მასალის ნახვა მოისურვა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გულჩვილობით ვენსანი არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა მეუღლის გაუპატიურების საზარელი სცენის ნახვა მისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა, დათრგუნულმა კასელმა თავი ვერ შეიკავა და სტუდია დატოვა, მოგვიანებით კი, მონიკას ეჭვიანობის სცენა მოუწყო.
წყვილის უთანხმოება არც ჟურნალისტებს გამოეპარათ, რომელთაც თამამად განაცხადეს მათი დაშორების შესახებ და პიკანტური დეტალების დადგენას შეუდგნენ, თუმცა მსახიობებმა სწრაფად უარყო გაზვიადებული ჭორები და ერთად გამოჩდნენ პუბლიკაზე. მეტიც, რამდენიმე თვეში მონიკას პირველი ქალიშვილი – დევა შეეძინა, რამაც მეუღლეებს ერთად ცხოვრება გადააწყვეტინა. „რამდენიმე წლის წინ რომ ეკითხათ, რას გავაკეთებდი სამყაროს დასასრულის წინ, ვუპასუხებდი, რომ აუცილებლად პარაშუტით გადმოვხტებოდი, ახლა კი, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წუთებს მონიკასთან და ჩვენ შვილთან ერთად გავატარებ, რადგან სხვა არაფერი მინდა“, – გამოტყდა ჟურნალისტებთან საუბრისას კასელი, რომელიც უზომოდ ბედნიერი ჩანდა შვილის შეძენით.
განქორწინება
მეორე ქალიშვილი – ლეონი მონიკას 2010 წელს შეეძინა. ვენსანის დაჟინებით წყვილი პარიზში, ისევ ერთად ცხოვრობდა, რადგან კასელმა ჩათვალა, რომ ბავშვებს სტაბილური გარემო და მშობლების ყურადღბა სჭირდებოდათ. შესაძლოა, სწორედ ერთად ცხოვრება აღმოჩნდა გარდამტეხი წყვილისთვის, რადგან ურთიერთობამ ძველი ხიბლი დაკარგა და ყოველდღიურ რუტინად იქცა. კასელი ყველანაირად ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა, 2013 წელს მონიკას ბრაზილიაში გადაბარგებაც კი შესთავაზა, რაც პრესამ ე.წ. „შეძლებულთა გადასახადისგან“ თავის დაღწევის მცდელობად შეაფასა, თუმცა სწორედ ევროპის დატოვება გაუჭირდა ბელუჩის, რომელმაც ჯერ მეუღლე მიატოვა, მერე ოფიციალურად განაცხადა განქორწინების შესახებ.
მართალია, დღეს მსახიობებს საკუთარი ცხოვრება აქვთ, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას. მონიკამ მხატვარ ნიკოლას ლავერთან გააბა რომანი, რომელსაც რამდენიმე თვეში დაშორდა, მერე კი, ისევ შეურიგდა, ვენსანმა კი, ორწლიანი მარტოობის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად იქორწინა ფერადკანიან ლამაზმანზე, 31 წლით უმცროს მოდელზე ტინა კუნაკიზე, ერთი წლის შემდეგ კი, მესამე ქალიშვილი – ამაზონი შეეძინა.
რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია
ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი
მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია
გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები