ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟენევის ფორმატის ცვლილების შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატი იმისთვის, რომ დეოკუპაციის გზაზე ვიყოთ თამამები და ვიცოდეთ, რომ ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი და თუ ეს ფორმატი გამოყენებული იქნება უფრო ქმედითად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მომტანი ამ გზაზე”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გახმოვანებული მესიჯები მეტყველებდა იმას, რომ მაღალ რანგში აყვანა და უფრო ქმედითი ხასიათის მიცემა ამ ფორმატისთვის არის მოსალოდნელი და ეს მზაობა უკვე დაფიქსირებულია.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს რუსეთს ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის ნამდვილად ვერ იტყვის რისთვის არის, ან არ არის ამ ეტაპზე მზად ოკუპანტი ქვეყანა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის, განცხადებით, “ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე უნდა ვისაუბროთ”. სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.
გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.