LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისში განვითარებული მოვლენები გამოფხიზლებისთვის შესაძლოა, კარგიც იყოს, მიხვდნენ, რომ პრობლემა არსებობს: გიორგი კანაშვილი

93
გიორგი

რა პრობლემა გამოკვეთა დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა. გავიდა რამდენიმე დღე. შესაძლებელია,  ცივი გონებით შევაფასოთ მომხდარი. რას აგვარებს და რას ვერ აგვარებს სახელმწიფო ეთნიკური კონფლიქტის დროს.

თემაზე კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„პრობლემა მრავალწახნაგოვანია. არავისთვის არის გასაკვირი, რომ საქართველო მულტირელიგიური და მულტიეთნიკური ქვეყანაა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 10 %- მდე ეთნიკური უმცირესობები არიან. არის რეგიონები, სადაც სხვადასხვა რელიგიური წარმოშობის ხალხს უწევთ ერთად ცხოვრება.

 

სახიფათო სიტუაცია დმანისში – არსებობს თუ არა ადგილობრივების მორიგი დაპირისპირების საშიშროება

დროებით ჩაცხრა თუ დასრულდა – რჩება თუ არა კონფლიქტის კერები დმანისში

 

ეს სიჭრელე ობიექტურად სიმდიდრეა, მაგრამ თუ პროცესებს სწორედ არ წარვმართავთ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად მსოფლიოშიც, ხშირად, სწორედ ეს ხდება ხოლმე დაპირისპირების საგანი.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ყოფით პრობლემამდე დაიყვანოს დმანისში მომხდარი, თუმცა, მგონი არ ღირს.

დიაგნოზის დასმა აუცილებელია. ეს არ იყო ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენ გვინახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ან ცხინვალის რეგიონში, სადაც ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში ტრანსფორმირდა.

ძალიან რთულია იმის უარყოფა, რომ ამ კონფლიქტს ჰქონდა ეთნიკური შეფერილობა, იმიტომ რომ ყოფითი პრობლემისას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები არ მობილიზდებიან, რასაც დმანისში ჰქონდა ადგილი“. – ამბობს კანაშვილი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

სახელმწიფო გვეუბნება,  ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს ეთნიკურ დაპირისპირებაშიო, იგივე მოსაზრებას ავითარებს საპატრიარქო, ომბუსმენი გვეუბნება, რომ ყოფითი პრობლემის მიღმა უნდა ვეძებოთ რეალური მიზეზები  – სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ  არის ეთნიკური უმცირესობები სრულფასოვნად არ არიან წარმოდგენილი ფართო პოლიტიკურ ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაში.  როგორც თვითონ ამბობენ, შესაბამისი განათლების მიღების პრობლემაა.

ხშირად უბრალოდ შესაძლებლობები არ ყოფნის სახელმწიფოს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა ენა სათანადოდ აითვისონ. ეს ყველაფერი ერთად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს.

ამას ყველაფერს ემატება პოლიტიკური განზომილება. იგივე ქვემო ქართლში აქვთ ქართველბს განცდა, რომ წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იჩაგრებოდნენ და უფრო მეტი აქცენტი აზერბაიჯანელებზე კეთდებოდა, ვიდრე ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე. ახლა აზერბაიჯანელებს აქვთ განცდა, რომ ქართველები ბევრნი არიან, სახელმწიფო მათ უფრო უწევს ანგარიშს და ეთნიკურ აზერბაიჯენელებს ყურადღებას არ აქცევენ.

ჩვენნაირ საზოგადოებაში ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უნდა უსვამდნენ იმას, რომ ასეთი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა.

 

 

ყველა ეროვნების წარმომადგენლი შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილეც, პარტიის თავმჯდომარეც და რომ მათ ქართველზე არანაკლებ კარგად შეუძლიათ იმუშაონ და ისაუბრონ კანონებზე. მგონი, მნიშვნელოვანია ამაზე აქცენტის გაკეთება და უკეთ წარმოდგენა ამ ხალხის.

ხშირად ვყოფილვარ ქვემო ქართლში. განსაკუთრებით გამკვირვებია ახალგაზრდები რა თაობა მოდის. პროგრამაში „ერთს პლიუს ოთხი“, (საკუთარ ენაზე  აბარებენ გამოცდას), ათასობთ ახალგაზრდა არის ჩართული. უამრავი ახალგაზრდაა უკვე, ვინც თბილისში ჩამოვიდა, ისწავლა.  ქართულად ლაპარაკობს, კონტაქტები გაუჩნდა და მეგობრები ჰყავს. ეს თვისობრივად ცვლის გარემოს.

ეს ხალხი სრულად არის უკვე მზად, რომ სრულად ჩაერთონ პროცესებში. ახლა პოლიტიკური ნებაა იმისთვის საჭირო, რომ ეს პროცესი სხვა ხარისხზე გადავიდეს.

ძალიან ცოტა რამაა გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიტუაცია შემობრუნდეს და იყოს უკეთესი“. – აღნიშნა გიორგი კანაშვილმა „კვირის თემასთან“.

 

რას აგვარებს და რას ვერ აგვარებს სახელწიფო

 

„არსებობს კონფლიქტის განმეორების შანსი. ეჭვი მეპარება, რომ ამით დასრულდეს ყველაფერი. რამაც შეიძლება დაგვამშვიდოს ამ შემთხვევაში ისაა, რომ მე ვერ ვხედავ, დაინტერესებას ვერც ადგილობრივ ქართველებსა და ვერც ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეს შორის, რომ ამ დაპირებას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიეცეს. ამავე რეგიონში, ისეთ გარეაქტორებსაც ვერ ვხედავ, რომლებსაც  გავლენა აქვთ ამ ორ თემზე და აქვთ სურვილიც. შეიძლება ვიღაცეებს ჰქონდეს მათი შეჯახების სურვილი, მაგრამ დიდი გავლენა არ აქვთ. რეგიონში ყველაზე სერიოზული გავლენა თბილისსა და ბაქოს აქვთ და მგონია, რომ არც ერთ მათგანს არ აქვთ სურვილი, რომ კონფლიქტი გადაიზარდოს დიდ მასშტაბებში.  რუსეთს რომ ჰქონოდა დიდი გავლენა, ამის რეალიზებას მოახდენდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

რუსეთს სადაც ჰქონდა რაიმეს გაფუჭების საშუალება, გააფუჭა.

ქართველების და არამხლოდ ქართველების შეცდომა ისაა, რომ ხშირად გვინდა ჩვენი პასუხისმგებლობა მოვიხსნათ და რუსეთს გადავაბრალოთ ხოლმე.

არა მგონია რუსეთის, ან სხვა ვინმეს ბრალი იყოს მომხდარი, რომ ვუყურებდი, რას  წერდნენ სოციალურ ქსელში.

მედიის როლიც დიდი იყო.  ადგილობრივები წერდნენ, რომ ძალიან გაზვიადებული იყო მომხდარი.

კავკასიაში ცნობილია, რომ ნაციონალიზმით დაავადებული ვართ და ყველა მხრიდან მოდის ეს აგრესია.

ამიტომ აუცილებელია პოზიტიური ნაბიჯების წამოწევა. სახელმწიფოს როლი ეს უნდა იყოს.

აზერბაიჯანელებს ძალიან ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის.  ერეკლე მეორეს აქტიურად ედგნენ გვერდში. პირველი რესპუბლიკის დროს დადებით როლს თამაშობნენ. სახელმწფო იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი წამოწიოს და გადაიტანოს სახელმძღვანელოებში.

პრობლემის მოგვარების უმთავრესი როლი აქვს ხელისუფლებას.

დმანისში განვითარებული მოვლენები გამოფხიზლებისთვის შესაძლოა, კარგიც იყოს, მიხვდნენ, რომ პრობლემა არსებობს“. – ამბობს გიორგი კანაშვილი „ფორტუნასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g