LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dreamy – ადგილი, სადაც სიზმრები ლაპარაკობენ

532
01

საკუთარი სიზმრების ვიზუალიზაციაზე, ალბათ, ყველას გვიოცნებია, ყველას გვნდომებია ძილის დროს ნანახი დაუჯერებელი ამბების არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მოქმედებით გაცოცხლება, მძაფრი ემოციების ზუსტად ისე გადმოცემა, როგორც ჩვენ ამ თავგადასავლებში მონაწილეობით განგვიცდია.

როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოჭრის კვალდაკვალ ჩვენი სიზმრებისთვის თვალის მიდევნების საშუალება სხვებსაც ექნებათ. რაც მთავარია, ჩვენი ქვეცნობიერის მიერ შემოთავაზებული სცენარების ეკრანზე გადატანაში ქართველი ახალგაზრდები დაგვეხმარებიან.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში შიდა ქართლში შვიდი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთ პროექტს, რომლის განვითარებითაც სააგენტო საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას გეგმავს, Dreamy ჰქვია.

Dreamy სიზმრების სოციალური ქსელია, რომელიც მომხმარებელს ძილის დროს ნანახის ვიზუალიზაციის, ანალიზის, შენახვისა და მეგობრებისთვის გაზიარების საშუალებას აძლევს. სიზმრების ფსიქოანალიზისთვის პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს.

Dreamy ხუთკაციანმა გუნდმა შექმნა. როგორც გიორგი ბუკია, დავით მუჩიაშვილი, გიორგი კოლოტაშვილი, ლევან ჯავახიშვილი და ლუკა ძიძავა ირწმუნებიან, მათ ტექნოლოგიების სფეროში პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა ხელეწიფებათ. ისინი ისეთი კონკურსების წარმატებული მონაწილეები არიან, როგორებიცაა: Smart City Zugdidi 2023 (პირველი ადგილი), Social impact award 2022, Social impact award 2023, Hackdays Georgia 2023 (SIA award), Mediathon 2023 (მეორე ადგილი).

ცხადია, ბიჭებთან საუბარი სიზმრების სოციალური ქსელის იდეაზე და მისი განხორციელების გზების ძიებაზე დავიწყეთ:

– გუნდში საინტერესო საკითხებს ხშირად განვიხილავთ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს სიზმრების თემატიკა წამოიჭრა – ყველამ გავიხსენეთ ის მომენტი, როცა გამოღვიძებისას არაფერი გვახსოვდა ან სიზმრისთვის ახსნის პოვნა გვსურდა. სწორედ ამ დროს დავფიქრდით, რამდენად საინტერესო იქნებოდა მეგობრების, კოლეგების, მშობლების და სხვა საყვარელი ადამიანების სიზმრების ხილვა, ასევე, დავაკვირდით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ყოველი შეხვედრის დასრულების მიზეზი იყო შემდეგი ფრაზები: „დილით ადრე უნდა ავდგე, უნდა დავიძინო“, „ძილი მეზარება, მაგრამ ხვალ სხვაგვარად გამიჭირდება…“ და მივხვდით, რომ ძილს, რომელსაც ჩვენი დღის 1/4 უკავია (6 სთ), რუტინად გვაქვს ქცეული და მხოლოდ იმიტომ ვიძინებთ, რომ გავიღვიძოთ. შესაბამისად, დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა გაგვეხადა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების 25% უფრო შემეცნებითი, საინტერესო და გასართობი სიზმრებთან ერთად.

– როგორია თქვენი აპლიკაციის მუშაობის პრინციპი?

– Dreamy-ს გამოყენება ძალიან მარტივია – ტექსტის ან ხმის მეშვეობით აპლიკაციას თქვენი სიზმრიდან ფრაგმენტს უყვებით, ხელოვნური ინტელექტი კი მას ვიზუალურ მხარეს სძენს და სიზმრის ფსიქოლოგიურ ანალიზსაც გთავაზობთ, რომლის ფართო ან კონკრეტულ ქომიუნითში გაზიარების საშუალება გაქვთ. აქვე შეგიძლიათ თქვენი ნაცნობების სიზმრების ხილვაც. ეს არის ადგილი, სადაც სიზმრები ლაპარაკობენ. გარდა ამისა, აპლიკაციაში ინტეგრირებული ლაივ ჩატი AI ფსიქოლოგთან გასაუბრების საშუალებას მოგცემთ. უსაფრთხო და კონტროლირებადი გარემო შიშების დაძლევაში დაგეხმარებათ, მოიხსნით სტრესს, გახდებით უფრო მოტივირებული. პლატფორმა, თქვენს პროფილზე დაყრდნობით, სათანადო მუსიკასაც კი შეგირჩევთ. Dreamy იქნება ის სივრცე, სადაც ადამიანები ყველაზე მეტად დაუახლოვდებიან და ამოიცნობენ საკუთარ თავს.

– რატომ გადაწყვიტეთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებთ მოპოვებულ თანხას?

– ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალური გრანტი რეგიონებში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის დანერგონ სიახლეები, განავითარონ საკუთარი პროექტები. გვჯეროდა, რომ ჩვენს აპლიკაციას ექნებოდა როგორც რეგიონალური, ისე გლობალური პოტენციალი, რადგან ვინც კი ოცნებობს, ვისაც ოდესმე უოცნებია, ან იოცნებებს, ყველა ჩვენი პოტენციური მომხმარებელია. კონკურსში მიღებული თანხა სრულად მოხმარდება პროდუქტის დახვეწასა და განვითარებას, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით ქომიუნითზე გასვლას, ამასთან, ფასიან ჰაკათონებზე მონაწილეობასა და სახსრების მოზიდვასაც (Fundraising) ვგეგმავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები