LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ქუთაისის სახელგანთქმული ფლორისტ-დიზაინერი გრანდიოზული ქორწილების შესახებ, სადაც მილიონზე მეტ ვარდს იყენებს: „თბილისელებს უფრო მინიმალისტური მოთხოვნები აქვთ, ქუთაისი-ბათუმი გამოირჩევა გრანდიოზულობით…“

16362
page (1)

Flowers Lovers დამფუძნებელი, ფლორისტ-დიზაინერი და ღონისძიებების ორგანიზატორი, ნათია გურეშიძე fortuna.ge-ს ესაუბრება იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ბოლო 19 წელი ეწევა – ულამაზესი, ყვავილებითა და სანთლებით გაფორმებული ივენთები და რაც მთავარია, გრანდიოზული ქორწილები, რომლებიც ქუთაისში, ბათუმსა თუ თბილისში იმართება მისი დიდ მასშტაბზე გათვლილი დიზაინებით.

ბოლო ქორწილი, რომელმაც უამრავი ადამიანი აალაპარაკა, ქუთაისში გაიმართა – ცნობილი ექიმის, მერაბ კვიცარიძის ვაჟი, გიორგი, რომელიც თავადაც ნეიროქირურგი გახლავთ, დაქორწინდა. ქორწილის კადრებმა ყველა ინტერნეტსაიტი მოიარა…

ნათია გურეშიძე:

19 წელია, რაც ქუთაისში ჩვენი კომპანია არსებობს, ასევე გვაქვს ფილიალი ბათუმშიც, თბილისში ჯერჯერობით ფილიალის გახსნას არ ვგეგმავთ.

როდესაც თქვენთან სიძე-პატარძალი მოდიოდა წლების წინ, რა მოთხოვნები ჰქონდათ და ახლანდელი თხოვნები რა ხასიათს ატარებს?

რა თქმა უნდა, მოთხოვნები შეცვლილია, რადგან ახლა წამოვიდა გრანდიოზული ქორწილების ტენდენცია. დღეს ჩემთან მოსულმა სიძე-დედოფალმა უკვე იცის, რომ მათთვის რაღაც გრანდიოზული უნდა შევქმნათ. ადრე, რესტორანში რომ შევდიოდით სამუშაოდ, ვიცოდით, რომ საქმეს მაქსიმუმ ერთ დღეში მოვრჩებოდით, ბევრი ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც ერთ საათშიც კი დაგვიმთავრებია დარბაზის გაწყობა. ახლა კი ამ საქმისთვის ორი-სამი დღე გვჭირდება, ხოლო ორგანიზებისთვის – ორი-სამი თვეც კი. ქუთაისში, თუკი ვინმეს სურს, განსხვავებული ხედვა შესთავაზონ, იციან, რომ ნათია გურეშიძესთან უნდა მოვიდნენ (იღიმის).

მერაბ კვიცარიძის ვაჟის ქორწილზე ვისაუბროთ, რომლის გაფორმებაც ასევე თქვენ გეკუთვნით…

ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც მათ ჰქონდათ, ის იყო, რომ მოსწონდათ ბევრი სანთლის იდეა, არ უნდოდათ დაშვებული ყვავილები. გადავწყვიტე, სიძე-დედოფლის მაგიდა სანთლებით გამეკეთებინა, ხოლო უკანა კედელი – ვარდებით დამეტვირთა. ამ ქორწილში 10 000 სანთელი იყო გამოყენებული და მილიონზე მეტი ვარდი. გარე კონსტრუქციაც გვქონდა აწყობილი და იქაც უამრავი ყვავილი გამოვიყენეთ…

კიდევ ერთი ქორწილი, სადაც თქვენი ხელი ურევია, სადაც პატარძალი მაკო ყაველაშვილი იყო. ამ ქორწილის კადრებმაც მოიარა ინტერნეტი...

როცა დიზაინზე დავიწყე მუშაობა, ჩემთან შეთანხმებით შეიქმნა გრანდიოზული ტორტი, კაბაც უნდა ყოფილიყო დიდი, გვირგვინი, მთავარი კი პატარძალმა მე მომანდო – რესტორანი „ასტორია“ მოსულ სტუმრებს ვერ უნდა ეცნოთ.

აქ ერთი საინტერესო დეტალი იყო – მაკოს ძალიან უყვარს შავი ფერი. რადგან ამ ფერს ანიჭებს უპირატესობას, თავიდან შევშინდი. გამოვიყენე თეთრი, შავი და კრემისფერი, მაგრამ მანამდე მაკოს დავუსვი კითხვა, მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ ეს ქორწილი ჩვეულებრივად არ ჩაივლის-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, რომ როცა ვიდეოს დავდებდი, დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. იმდენად დატვირთული იყო დარბაზი, შავი იატაკითა და შავი ქსოვილებით, ვიცოდი, რომ ქუთაისისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა. დაიწერა ბევრი კარგიც, პიარიც, ანტიპიარიც (იღიმის).

სხვა ქორწილებზეც გვესაუბრეთ, სადაც განსხვავებული დიზაინები შეგიქმნიათ…

ერთ-ერთი ქორწილი გვქონდა, ლისი ივენთ ჰოლში, თბილისში, სადაც თეა დარჩიამ იცეკვა. ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება ეს ვიდეო. დედოფალი თბილისიდან იყო და სიძე – ქუთაისიდან.

თბილისელ და ქუთაისელ სიძე-პატარძლებს განსხვავებული მიდგომები აქვთ თუ არ არის დიდი განსხვავება?

განსხვავება არის, პომპეზურობა და გრაციოზულობა ქუთაისს უფრო უყვარს, თბილისის სტილი მაინც სულ სხვაა. თბილისელს, მაგალითად, არ მოუნდება ყვავილებით გადავსებული დარბაზი, თბილისელებს უფრო მინიმალისტური მოთხოვნები აქვთ, ქუთაისი-ბათუმი გამოირჩევა გრანდიოზულობით, მეტი ყვავილი, მეტი სანთელი, რაც შეიძლება მეტი დატვირთულობა.

განსხვავებულ ქორწილებზე მკითხეთ და აი, მაგალითად, ხვალაც გვაქვს განსხვავებული ქორწილი. სიძე არის ქირურგი, პატარძალი მომავალი ექიმი, ძალიან კარგი ოჯახია ქუთაისში – ერთ-ერთი ჩემი დიზაინი ჰქონდათ ნანახი, რომელიც ბანკეტისთვის გავაკეთე ლურჯ ფერში, მათთვის გახდა ინსპირაცია და მაგიდებზეც კი შაბიამნისფერი ქსოვილები გვაქვს, გამოვიყენეთ ლურჯი და ლაჟვარდისფერი. ვფიქრობ, ეს ქორწილიც პოპულარული გახდება. სხვათა შორის, ხვალ ოთხი ქორწილი გვაქვს, მყავს გუნდი, რომელიც გადანაწილებულია რამდენიმე რესტორანში, დეტალებს კი თავად ვაკონტროლებ (იღიმის)

რომელი ყვავილები არის ყველაზე მოდური ქართულ ქორწილებში?

ვარდი, ეუსთომა, ტიტა – განსხვავებული ქორწილი იყო მაკოსი, როცა ანთორიუმებით მოვრთე. ზოგს ბუნებრივი ყვავილები სურს, ზოგს – ხელოვნური. რასაც დამკვეთი მოითხოვს, იმას ვერგებით.

რამდენად ძვირი სიამოვნებაა ასეთი ქორწილის გადახდა? თქვენი მომსახურება, ალბათ, ფუფუნებაა…

კი აიტაცეს ეს მილიონი ვარდის თემა, მაგრამ ვარდები ხელოვნური იყო (იცინის). ფუფუნებაც არის, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მე საკმაოდ მეძვირეს სახელი მაქვს (იღიმის), მაგრამ ჩემთან მოსულმა ადამიანმა იცის, რა შედეგს დავუდებ. ყოფილა შემთხვევა, სხვასთან გადაუწყვეტიათ წასვლა, მაგრამ დედოფალს დაურეკავს, ეს რა დამემართა, რატომ გადავწყვიტე სხვასთან წასვლაო.

ქორწილების გარდა, ალბათ, სხვა წვეულებებსაც აფორმებთ…

რასაკვირველია, ერთ-ერთი განსხვავებული დაბადების დღე მქონდა ასეთი – ერთ სასიამოვნო წყვილს შევთავაზე 11 წლის გოგონასთვის, ლილუსთვის დაბადების დღე ცისარტყელებით გამეკეთებინა. გავუკეთე მონახაზი, იმდენად მოეწონათ და იმდენი გამოხმაურება მოჰყვა, 10 დღეა დადებული გვაქვს გვერდზე, ორ მილიონს ასცდა ნახვები.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის წყვილების, ვისი ქორწილებიც გავაფორმეთ, 400-კაციანი ივენთი გავაკეთეთ, ჩამოვიყვანე ლელა წურწუმია, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე, ასევე მღეროდნენ მიმი ჯავახიშვილი, ანა მარია იაკობაშვილი, ინდირა ჯგერნაია. ზემოხსენებულ ივენთს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს კომპანიას ნოემბრამდე უკვე ყველაფერი შევსებული აქვს, იანვარშიც და აპრილშიც კი რამდენიმე ქორწილი უკვე დაგეგმილი გვაქვს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები