LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრონები და ვერტმფრენების დაქირავება – როგორ ემზადება სახელმწიფო ხანძრებისთვის

რამდენიმე ასეული ჰექტარი გადამწვარი ტყის მასივი და ნაწილობრივ ჩაშლილი საკურორტო სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში – შარშანდელმა ზაფხულმა ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე დააყენა. სახელმწიფომ პრობლემასთან გამკლავება დამოუკიდებლად ვერ შეძლო და მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო.

შარშანდელი გამოცდილების შემდეგ, წელს საგანგებო სიტუაციების სამსახური ზაფხულის სეზონს, როცა ხანძრის გაჩენის ალბათობა ყველაზე მაღალია, განახლებული ტექნიკით შეხვდება. განახლებული იქნება არა მხოლოდ ტექნიკა, როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის.

საექსპერტო წრეებში იმედოვნებენ, რომ შარშანდელი გამოცდილების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ ზაფხულს მომზადებული შეხვდება. თემურ ჩაჩანიძე „ფორტუნასთან“ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეფორმირების შედეგად პირველ რიგში, ხანძრების პრევენცია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უნდა შეძლოს.

„პრევენციისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები, უპილოტო საფრენი აპარატები, შვეულმფრენები. მათი საშუალებით, ტყის თავზე უნდა განხორციელდეს პატრულირება და ადრეულ ეტაპზე გამოავლინდეს საფრთხეები. მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ტყის მასივები. შარშან უპილოტო საფრენი აპარატები არ ჰქონდათ და ვერც ხანძრის კერების დროული გამოვლენა ხერხდებოდა,“- ამბობს თემურ ჩაჩანიძე.

ხანძრების პრევენციისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წელს დრონებს გამოიყენებს. რა პერიოდში იქნება მათ განკარგულებაში დრონები, ამ დროისთვის უცნობია. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს გარემოება ტენდერებთან არის დაკავშირებული.

„მათ აქვთ ძალიან მაღალი გარჩევადობის სიგნალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს აღმოჩენილი, თუ სადმე რაიმე მოხდა. დრონები განაწილდება ყველაზე მაღალი რისკის რაიონებში. გარდა ამისა, მათ გამოვიყენებთ ზღვაზე მონიტორინგისთვისაც, ეს იქნება სპეციალური დრონები, რომლებიც შეძლებენ დააფიქსირონ წყლის სიღრმეში ადამიანი, რომელიც შველას ითხოვს.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია მაინც გარკვეულ ბიუროკრატიასთან, მათ შორის ტენდერებთან, რომელსაც აქვს თავის ვადები,“- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მიუხედავად პრევენციის ღონისძიებებისა, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის დროს გასათვალისწინებელია რთულად მისადგომი ადგილები. ერთადერთი ვერტმფრენი, რომელიც შარშან ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძოდა, თავის შესაძლებლობებში შეზღუდული იყო. შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარება არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან მას სამაშველო ფუნქციები არ აქვს, არ შეუძლია ღამით ფრენა და არ არის მობილური სხვა თანამედროვე ვერტფრენებთან შედარებით.

ექსპერტი თემურ ჩაჩანიძე ამბობს, რომ შარშანდელმა წელმა შვეულფრენის საჭიროება აჩვენა, თუმცა, ჩაჩანიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მათ სახანძრო ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა იმ მიზეზით დადგა, რომ ხანძრის კერების დროული გამოვლენა ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად, სწრაფად იზრდებოდა ხანძრის მასშტაბიც.

„წარმოიდგინეთ შვეულმფრენი, რომელმაც ხანძარი უნდა ჩააქროს, მას სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ. მთელი წლის განმავლობაში მას სჭირდება ხარჯები, შენახვა. რამდენად გამართლებულია ასეთი შვეულმფრენი, რომელმაც ერთ აღებაზე 20 ტონა წყალი აიღოს, დააყენო მთელი წელი და ელოდო ხანძარს, რომელიც იმ წელს შეიძლება არც იყოს, ამიტომ ამას მაინც კარგი გათვლა სჭირდება წინასწარ,“- ამბობს თემურ ჩაჩანიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გათვლები უკვე გააკეთეს და გადაწყვიტეს, ამ სეზონისთვის 2 ვერტმფრენი იქირაონ. თუმცა, როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, სავარაუდოდ ვერტფრენები მათ განკარგულებაში ერთ თვეზე ადრე ვერ იქნება.

„შსს-სთან ერთად ვმუშობთ იმაზე, რომ ვერტფრენების შეძენა მოხდეს, თუმცა, ეს გარკვეულ ტენდერებთან და სხვა გარემოებებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, დროში გაჭიანურდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქირავებს 2 ვერტფრენს, საიდან – ეს დეტალები ზუსტდება. მისი მახასიათებლები იქნება როგორც სამაშველო, ასევე ხანძრის ქრობის. დაახლოებით ერთ თვეში ვიქირავებთ,“- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება ტყის მასივებისთვის სახანძრო მანქანების შეძენას, ამაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურის იურისტი ირაკლი ივანიძე ამბობს, ამ სეზონისთვის 19 მაღალი გამავლობის ავტომობილს შეიძენენ. ასევე, შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან”, რომელიც ქართულ „დელტასთან“ ერთად, ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანების ერთობლივ წარმოებას დაიწყებს.

„დამატებით დაგეგმილია ტყის სახანძრო მანქანების შესყიდვაც მიმდინარე წელს. მთლიანად გადაიარაღება მოხდება. ტენდერის გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოვლინდება და ამის შემდეგ მოხდება შესყიდვა. წელს დაგეგმილია 19 ერთეულის შეძენა და სავარაუდოდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად გაიზრდება,“- ამბობს ირაკლი ივანიძე.

გარდა ტექნკური გადაიარაღებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა მნიშნელოვანი ცვლილებებიც იგეგმება, კერძოდ შეიქმნება მოხალისეთა სისტემა, რომლებიც კრიზისულ ვითარებაში დამხმარე ფუნქციებს შეითავსებენ. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც რეფორმის ფარგლებში მოიაზრება, ალტერნატიული სამხერდო სამსახურია.

„დადგინდება კრიტერიუმები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს მოხალისე, მათ გადავამზადებაზე ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ და საჭიროების დროს გადავცემთ ინვენტარს, რომელიც დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად იქნება საჭირო.

კანონპროექტშივე გვიწერია, რომ ისინი უშუალოდ ხანძრის ქრობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მათი ფუქნცია იქნება მაგალითად, წყლით მომარაგება, ავზების ავსება და ა.შ.

ექსპერტეთა ნაწილის აზრით, გარკვეული საგანმანათლებლო მუშაობაც საჭიროა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები არ გვაქვს, ოფიციალურ განცხადებებში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ადამიანური ფაქტორი ხშირად სახელდება.  

ბოლომდე ჩაუმქრალი კოცონი, ბილიკზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი, ტყეში დაყრილი ნაგავი, შესაძლოა გაჩნდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი. განსაკუთრენით სახაფათოა ტყეში დატოვებული შუშის ბოთლები, რომელიც ხანგრძლივად მზის სხივების მოხვედრისას ლინზის მსგავსად მოქმედებს და ცეცხლს აჩენს.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეულმა ხანძარმა, შესაძლოა, შეცვალოს ტყის ბუნებრივი განვითარების დინამიკა. მოსალოდნელია, რომ ამგვარი ხანძრის შედეგად დაირღვეს და ათწლეულების განმავლობაში აღარ აღდგეს ტყის გარემო ფაქტორებთან ადაპტირებული სახეობრივი შემადგენლობა.

 

თაკო ივანიაძე

პოპულალურები